25 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია - პრეზიდენტი ისევ დუმს

გუგუტიანთკარში გავლებული მავთულხლართები, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, ახალუბნიდან და მეჯვირსხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე - იმ დროს, როდესაც რუსულ ოკუპაციას სულ უფრო მეტი და ახალი დაზარალებული ჰყავს საქართველოს პრეზიდენტი ლოპოტაზე ისვენებდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი კრიზისულ დღეებში ოკუპაციით დაზარალებულებს არ უნახავთ.

ოპოზიცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საქციელს სამარცხვინოს უწოდებს და ამავდროულად მათ ახსენებს განცხადებებს, რომელიც ომის დაწყებას უკავშირდება.

„ორი უმძიმესი მიმართულებაა - ერთი სრული უმოქმედობა და კაპიტულანტობა და მეორე, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ საუბარი იმაზე, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ფაქტობრივად ამით წახალისება აგრესიული ქმედებების,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სწორედ ხელისუფლების ასეთმა შეფასებებმა აუნთო მწვანე შუქი რუსეთს ოკუპაციის გასაგრძელებლად.  „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მისთვის გასაკვირი არ არის პრეზიდენტის დუმილი, რადგან სწორედ მან საკუთარ წიგნში აღწერა საქართველოს ოკუპაცია და დააბრალა ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება.

„ერთ კალაპოტში მიდის რუსული პოლიტიკა და ხელისუფლების პოლიტიკა. ისინი არ უსმენენ კონსტიტუციას, საკუთარ ხალხს უსმენენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის როგორ იმოქმედოს, ან შიში აქვთ რუსეთის, ან კი მისი აზრით საქართველოს ხელისუფლებაში რუსული აგენტურის წარმომადგენლები არიან.

„არ მინდა ეს აზრი დავუშვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში გამოდის რომ არიან რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთის სიძლიერე დააფიქსირონ და მოხდეს ბორდერიზაცია,“-ამბობს დავითაია.

დღის ამბები