19 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
ზურაბიშვილის დუმილი და არაფრის კეთება რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკისთვის წყლის დასხმას ნიშნავს - ხატია დეკანოიძე

გუგტიანთკარში საქართველოს მთავრობის მეთაურის და პრეზიდენტის არ ჩასვლას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

დეკანოიძის თქმით, სწორედ ზურაბიშვილი უნდა იყოს ის პირი, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად ჩააყენებს საქმის კურსში.

„ამას ჩვენ არ შეგვიძლია ვუწოდოთ, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მავნებლური უგუნურობა, ეს არის რეალურად საკუთარი ქვეყნისთვის მიზანმიმართული ზიანის მოტანა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაზიანება, როდესაც პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება რეაგირება მოახდინოს და იყოს პირველი პირი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააგებინებს მართლაც იმ ადამიანური ტრაგედიების შესახებ და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანების შესახებ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ამ დრომდე არათუ საერთაშორისო პრესას და საერთაშორისო თანამეგობრობას, საკუთარ მოქალაქეებსაც არ ესაუბრება“, - ამბობს დეკანოიძე.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტის და ხელისუფლების მაღალჩინოსნების უმოქმედობა რუსების ინტერესებს ემთხვევა.

„რეალურად, სალომე ზურაბიშვილის დუმილი და არაფრის კეთება, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების დუმილი და არაფრის კეთება და ადგილზე იქ ჩაუსვლელობა და ამ დრომდე ეს ადამიანები ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი ჩავიდნენ და გაესაუბრონ ამ ადამიანებს, ზუსტად, ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციური პოლიტიკისთვის წყლის დასხმას და ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს მათი ინტერესი და უმოქმედობა ემთხვევა ზუსტად, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს ისევ განახლდა. მოსახლეობა ადგილზე პრეზიდენტის და პრემიერის ჩასვლას ითხოვს.

7 აგვისტოს შემდეგ ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოწიეს, რის გამოც, მავთულხლართების მიღმა მოექცა ორი ოჯახის სახლი და ასევე, რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთი.

სალომე ზურაბიშვილი დღეს "კურიერმა" ჩაწერა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ კვლავ არ საუბრობს. ზურაბიშვილი კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ამ დრომდე განცხადება მიმდინარე მოვლენეზე ამბობს - "იმიტომ, რომ განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული"-ამბობს პრეზიდენტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები