16 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
ოკუპაცია ახალ მასშტაბებზე - ოკუპანტები გუგუტიანთკარში მიწებს, მეზობელი სოფლებიდან კი ადამიანებს იტაცებენ

ახალი რუსული მავთულხლართები და საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეული ქართული მიწა. ორდღიანი ტაიმ-აუტის შედეგ შეიარაღებულმა სამხედროებმა ახალ პერიმეტრზე სამუშაოები განაახლეს.  

სოფლის მაცხოვრებლები რამდენიმე მეტრის მოშორებით უყურებენ, როგორ ავლებენ საოკუპაციო საზღვარს მათ კუთვნილ ნაკვეთებზე. ერთ-ერთი ადგილობრივის, თინა გუგუტიშვილის კუთვნილი ატმის და ვაშლის ხეები მავთულხლართის მიღმა დარჩა.

შუაგულ საქართველოში დღეს ადგილობრივების გარდა, ხალხის ბაღების მიტაცების პროცესს რამდენიმე მეტრიდან აკვირდებოდა ქართული მედია, პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვერც ტექსტით და ვერც კადრით შეუძლებელია იმ მძიმე ფონის გადმოეცემა, რომელიც დღეს გუგუტიანთკარში იყო. ნიჩბებით, ნიღბებით და ავტომატებით შეირაღებული ოკუპანტები ნაწილ-ნაწილ ჭრიდნენ ბაღებს და მწვანე ღობეების ტყვეობაში აქცევდნენ.

ორად გაყოფილ სოფელში დღეს ერთად ჩავიდნენ ევროპარლამენტის წევრი ჩეხი დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი. ნახეს, როგორ იტაცებს რუსეთი საქართველოს მიწებს, როგორ ღობავს ე.წ. საზღვარს და განაცხადეს, რომ ეს არის ფაქტი, რომელსაც ცივილიზებული სამყარო რუსეთს არ უნდა პატიობდეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან დღეს დალაპარაკება სცადა შვებულებიდან დაბრუნებულმა გორის მერმა. თუმცა მის კითხვებს ე.წ.-მა მესაზღვრეებმა ზურგის შექცევით უპასუხეს. რუსულ მხარესთან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ჯერაც ცდილობს გაარკვიოს, დარჩება თუ არა გუგუტიანთკარი სარწყავი სისტემის გარეშე.

გუგუტიანთკარში მიწებს, მეზობელ სოფლებში კი ადამიანებს იტაცებენ. ახალუბნიდან გატაცებულ 8 ახალგაზრდა მამაკაცი, ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. ოჯახის წევრებმა ჯერაც არ იციან, რა ბედი ელით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებულებს და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ჯერ უცნობია, როდის ან რის ფასად გაათავისუფლებენ საქართველოს გატაცებულ მოქალაქეებს.

დღის ამბები