20 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
საეჭვო ტენდერი ბაღების საკვებით მომარაგებისთვის - ოპოზიციის ბრალდებას მმართველი გუნდი პასუხობს 

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერი საბავშვო ბაღების კვებისთვის და ოპოზიციის ბრალდებები - ოპოზიციის წევრების განცხადებებს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში, კვებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ახლა სწორედ გრძელვადიანი ტენდერი გამოცხადდა, შესაბამისად, ფასის დადგენაც მოხდა. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს იცავენ. ზარქუა ამბობს, რომ 3 ლარი და 60 თეთრი, სწორედ ამ სტანდარტით არის გამოყოფილი. 

„ჩვენი მოსვლიდან ხელისუფლებაში, დაიწყო ამ მიმართულებით თანხების ზრდა. თავდაპირველად იყო 109 მილიონი, გასულ წელს იყო 122 მილიონი, მიმდინარე წელს 150 მილიონი. ჩვენ რაც გვქონდა რამდენიმე თვის წინ, ეს იყო გარდამავალი ეტაპი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ფორსმაჟორში შევარჩიეთ ერთი კომპანია, ხოლო აქ საუბარია წელიწადნახევარი, ანუ 2019 წლის 16 სექტემბრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ხდება სწორედ ფასის დადგენა, როდესაც არის გრძელვადიანი ტენდერი და ამ შემთხვევაში, გრძელვადიანი გაქვს“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ერთი 17-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა, 43 მილიონიან ტენდერში კი მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ეკოლუქსმა“ გამოთქვა.

სავარაუდოდ, თბილისის მერია სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. გამოცხადებული ახალი სასწავლო წლიდან, ერთი ბავშვის კვებისთვის გამოყოფილი თანხა 3 ლარსა და 60 თეთრს შეადგენს. ოპოზიცია საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის მერია კონკრეტულ კომპანიასთან გარიგებას ახდენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები