21 სექტემბერი 2019,   20:10
ვრცლად
პრეზიდენტის მრჩეველი КГБ-დან - ქართველი სამხედროების თქმით, ლეჟავა წოდებებს 200 დოლარად ყიდდა 

პრეზიდენტის მრჩეველი КГБ-დან - ქართველი სამხედრო მოსამსახურეები 90-იან წლებს იხსენებენ, როცა დიმიტრი ლეჟავა თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა.

თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დავით მაყიშვილი ამბობს, რომ ლეჟავა ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული პირი იყო. მის დროს დამსახურებული სამხედრო ჩინის მინიჭებისთვის სამხედრო პირს 200 ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა.

გარდა ამისა, მაყიშვილის თქმით, ლეჟავას შემუშავებული ჰქონდა კორუფციული სქემა, რომლის გამოყენებითაც ყოველ წელს ასობით ამერიკულ დოლარს, კადრებში გადაყვანილი სამხედრო პირებისგან იღებდა.

„დიმიტრი ლეჟავასთვის უნდა გადაგეხადა თანხა, რომ მას მოენიჭებინა კანონით დადგენილი სამხედრო წოდება. ე.ი. ლეიტენანტის წოდებიდან უფროსი ლეიტენანტის წოდებაზე რომ გადასულიყავი 1998-2000 წელში, 2003 წლამდე, უნდა გადაგეხადა  200 ამერიკული დოლარი.

მის პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს ყველა სამხედრო დანაყოფი, ბრიგადები ყოველ წელს გაჰყავდათ კადრების განკარგულებაში, ე.ი. ადამიანი მუშაობს, მაგრამ მას ეს თანამდებობა დროებით შეჩერებული აქვს. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ხელმეორედ დანიშვნის შემთხვევაში, ადამიანებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, გინდა ამ თანამდებობაზე დანიშვნა?-ე.ი უნდა გადაიხადო,“-ამბობს მაყიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ სამხედრო საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების ინფორმაციით, ლეჟავა საბჭოთა სპეცსამსახურებში 17 წელი იმუშავა. ის საბჭოთა უშიშროების სამსახურში 1983 წლიდან მუშაობდა. 1998 წელს ის მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში და ამის შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ უმუშავია.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ლეჟავას შესახებ სხვა ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. ის ბოლოს 2015 წელს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შეკრებაზე აქტივისტის სტატუსით ნახეს.

ის ამ დროისთვის პრეზიდენტის მრჩეველია სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში.

მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალური ცნობა არ არსებობს, საბჭოთა უშიშროების სამსახურის ოფიცრის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შესახებ ანალიტიკოსებმა შემთხვევით გაიგეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ლეჟავას შესახებ არ სმენიათ. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საკითხით დაინტერესდება, თუმცა ფიქრობს, რომ "რუსთავი2"-ის კრიტიკა გადამეტებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები