16 სექტემბერი 2019,   03:02
ვრცლად
მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ დღის წესრიგს სამართლიანი არჩევნების გზით უნდა დაუბრუნდეს

"საჭიროა, რომ საქართველო როგორმე ისევ დაუბრუნდეს აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგს. საბოლოოდ, ამის გაკეთების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ვინც მოიგებს, მოიგოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, თუ რა რჩევას მისცემდა საქართველოს მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვართან ვითარების ესკალაციისთვის თავის არიდებისთვის.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ საკითხს, ნათელს ჰფენს რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ამ ყველაფრისთვის ფარდის ახდა, მაგრამ მან ასევე უნდა მოახერხოს, დარჩეს ეს საკითხები საქართველოს დღის წესრიგში სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა შტატები. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან აღარ არსებობს საკმარისი ყურადღება ამ საკითხის მიმართ. ჩვენმა წარუმატებლობამ რუსეთის შეკავებაში ან საკმარისი ფასის დაკისრებაში საქართველოში შემოჭრისა და იმის გამო, რასაც ისინი ახლაც აკეთებენ, გზა გაუხსნა ყირიმსა და დონბასში მომხდარ მოვლენებს“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისივე თქმით, საჭიროა, საქართველო დაბრუნდეს აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგში. „თქვენ უნდა გააჩეროთ რუსეთი, დააკისროთ ფასი იმ მომენტში, როცა რაღაც კანონდარღვევას სჩადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალოგიურ ქმედებებს სამომავლოდ მოიზიდავთ. საჭიროა, რომ საქართველო როგორმე ისევ დაუბრუნდეს აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგს. საბოლოოდ, ამის გაკეთების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა - ვინც მოიგებს, მოიგოს. საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ბოლო ათწლეულნახევრის განმავლობაში 2012 წლის არჩევნები იყო - არა იმიტომ, ვინ გაიმარჯვა თუ ვინ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ ვინც დამარცხდა, მათ ხელისუფლება დატოვეს“, - აღნიშნა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

დღის ამბები