20 ოქტომბერი 2019,   11:20
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემა - საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავში დასრულდა  

რუსთავში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა. შეხვედრაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხებენ.

შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მამუკა ჩიქოვანს შორის მოხდა. მიზეზი საარჩევნო პროცესში, ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი გახდა. 

უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება. ოპოზიცია კი პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით ითხოვენ.  

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვა შეაფასა და განაცხადა, რომ შეკრებილ მოქალაქეებს სამომავლო ხედვები გააცნეს. 

„ჩვენს თანამოქალაქეებს გავაცანით ჩვენი სამომავლო ხედვა. იყო საუბარი ბლოკებთან დაკავშირებით, სადაც ძალიან ბევრმა მოქალაქემ, პრინციპში, მხარი დაუჭირა იმას, რომ ბლოკების გარეშე განვითარდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქვია თავისი სახელი, აქვს თავისი პოლიტიკური პლატფორმა, ჰყავს მხარდამჭერები და იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში და მიიღებს ხმებს, მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში და ამ გზით, პირდაპირი არჩევნების გზით, პროპორციული არჩევნების პირობებში მიიღოს წარმომადგენლობა პარლამენტში“ - განაცხადა არჩილ თალაკავძემ.

განცხადება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

„რადგან ესეთი კარგია, ყველანი ვთანხმდებით ამის სამართლიანობაზე, რატომ უნდა იყოს ის ერთჯერადად 2020-ში. ესეთი კარგი და კონსენსუსის საგანი განვახორციელოთ 2024-ში, 2018-ში და 2032-შიც. 5%-იანი ბარიერის შემოტანა 2024-დან ნიშნავს იმას,რომ ისევ პოლარიზება, ისევ დაპირისპირება, ისევ პარტიული კონფრონტაცია უნდა განვსაზღვროთ ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი ახლვედიანმა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, ახალციხეში გაგრძელდება.  

დისკუსიები ამავე თემასთან დაკავშირებით, გუშინ, კახეთიდან დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა.  

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იღებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები