25 აპრილი 2024,   10:04
ვრცლად
პარლამენტში უახლოეს საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები აუდიტის დასკვნაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტში უახლოეს საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები აუდიტის დასკვნაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,  სახელმწიფო ავტოპარკის ექსპლუატაციასთან და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით არაერთი ნაკლოვანება არსებობს. 

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ავტოპარკს და ახალი ავტომობილების შესყიდვას. ამ მხრივ ბევრი რამ მოწესრიგდა. მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გეუბნებით, რომ აუდიტის სამსახური არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, ამიტომ ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ აუდიტის დასკვნას, მათ შორის ამ საკითხზე. ნახავთ, რომ კომიტეტზე ყველა კითხვა, რაც თქვენ გაწუხებთ, იქნება დასმული“, - განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

რა წერია აუდიტის დასკვნაში? აუდიტის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ავტოპარკზე შიდა კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა. დასკვნის თანახმად, შესწავლილი 34 უწყებიდან 32-ში არ ხდება სამორიგეო ავტომობილების დანიშნულებისამებრ გამოყენების კონტროლი, რაც სამორიგეო ავტომობილის არადანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

რაც შეეხება საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები.

დღის ამბები