20 ოქტომბერი 2019,   11:24
ვრცლად
დღე 90-ე, გადაცემა 40-ე და უცვლელი ლოზუნგი "სირცხვილია"

უკვე 90-ე დღეა აქცია, სახელწოდებით “სირცხვილია“ მიმდინარეობს. ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე ადამიანები, ერთი მთავარი მოთხოვნით იკრიბებიან, გადადგეს ახლა უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

40 დღეზე მეტია აქცია, საზაფხულო ფორმატში გრძელდება. მეორმოცე გადაცემის სტუმარი, დღეს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის“ თავმჯდომარე იყო. იაგო ხვიჩიამ გადაცემაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში “ქართულ ოცნებასთან“, “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდეს, თუმცა, “გირჩს“ერთი მთავარი წინაპირობა ექნება ყველასთან. ისინი მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდებიან, რომელიც მოსახლეობას თავისუფლების სრულ გარანტს მისცემს.

“ჯერ ერთი, მოდი ასე ვთქვათ ოპოზიციაში ხარ, ჩემი ხმები გჭირდება და თუ ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ვარიანტს ვერ მთავაზობ ადამიანების თავისუფლებისთვის, მაშინ პრობლემა ჩემი არის თუ სხვისია. ვინც შემომთავაზებს თავისუფლებას, მოდი კაზუსის მიზნებისთვის ვიგულისხმოთ რომ მიშას შემოთავაზებაც რეალურია და ბიძინას შემოთავაზებაც რეალურია, თუ ჩვენ შევალთ ამაში, რომ შემოთავაზება არის თუ არა რეალური, მაშინ კონკრეტულ შემოთავაზებებზე უნდა ვისაუბროთ. ჯერ შემოთავაზებები მაგიდაზე არ დევს. ან არჩევანი მაქვს, რომ არც ერთთან, როგორც ხაზარაძემ თქვა, რომ არც ერთს არ მივცემ ხმას, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ შეიძლება მე ხელი მოვაწერო პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას ამას არ ვაპირებ, პასუხისმგებლობას ვიღებ და არჩევანსაც ამ ორ პარტიას შორის ვაკეთებ ძალიან ქლიარ მესიჯით, ეს მესიჯი არის, ვინც მეტ თავისუფლებას შემომთავაზებს“ - განაცხადა, გადაცემა “სირცხვილია“-ში იაგო ხვიჩიამ.

აქციაზე ასევე მივიდა, 20-21 ივნისის მოვლენების გამო, პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ბეჟან ლორთქიფანიძე. მან საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ისაუბრა, სადაც მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩნენ : ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე.

ლორთქიფანიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიასა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვა მოითხოვეს, თუმცა, მისი თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ამ ვალდებულების თავიდან აცილებას ცდილობდა.  ამასთან, ბეჟან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ პირებს ხელისუფლება მიზანმიმართულად სჯის.

“ჩვენმა მხარემ დააყენა გახარიას და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის აუცილებლობა სასამართლოზე, თუმცა, პროკურატურა ცდილობს, რომ აირიდოს ეს ვალდებულება. რაც შეეხება, ვთქვათ, ამ დაკავებებს შესაძლებელია ეს დაკავებები გამოყენებულია არი ხელისუფლების მიერ, როგორც დამსჯელი ღონისძიება და სავაჭრო თემა, რომ აღიარებითი ჩვენებები მიიღონ“- განაცხადა, ბეჟან ლორთქიფანიძემ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ჯიქურის მეუღლე, რომლის სასამართლო პროცესიც გუშინ გაიმართა.  მარიამ ჯიქურმა გადაცემა “სირცხვილია“-ს  ფორმატის საშუალებით, დაკავებულ მეუღლეს მიმართა და მას სიმტკიცისკენ მოუწოდა. ჯიქურის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რომელსაც ხელისუფლება არ ითვალსიწინებს.

“ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ცნობებიც, გვაქვს, რომ იქ წერია ექიმის დასტური, რომ ის არის საყურადღებო, მაგრამ არ ითვალისწინებენ, მარტო იმაზე, არიან რომ აღიარებითი ჩვენება მიაცემინონ. უბრალოდ ერთს გთხოვ ლევან, ვიცი, რომ მისმენ, გამაგრდი, ყველანი შენს გვერდით ვართ და მე ვიბრძოლებ“- განაცხადა, გადაცემა “სირცხვილია“-ში მარიამ ბაჯელიძემ.

შეგახსენებთ, აქცია “სირცხვილია“-ს ორგანიზატორების მხრიდან, კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, რომელიც 20 სექტემბერს, პარლამენტის შენობის წინ, ისევ ერთი მთავარი მოთხოვნით გაიმართება - დატოვოს თანამდებობდა გიორგი გახარიამ და პასუხი აგოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე.

დღის ამბები