24 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
პატიმრების შეწყალების საქმე - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს 

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს  - შეწყალების საქმის გამო ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება და ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვითარებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს. გოცირიძე პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "გაფუჭებულ" საქმეს ვერ გამოასწორებს. 

„როდესაც პრეზიდენტი იწყალებს ერთი დღის განმავლობაში სამ მკვლელს, აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდა, პრეზიდენტს მოუწევს წასვლა იმპიჩმენტის წესით. რაც შეეხება მორატორიუმს, მორატორიუმი უკვე ამ გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველის, თავისთავად, მორატორიუმი ნიშნავს მისი კონსტიტუციური უფლებების არ შესრულებას და მასზე უარის თქმას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

თუკი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოც.“ ოთარ კახიძე აცხადებს, რომ დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, რა მიზეზები დგას ამ შეწყალების უკან.

 „გადამოწმდეს შეწყალებული პირების, მათი ადვოკატების და მათი ოჯახის წევრების კავშირები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, უშუალოდ პრეზიდენტთან. გადამოწმდეს ის მიზეზები, თუ რა იყო ამ შეწყალებების უკან. და იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, აუცილებლად, საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხზე განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ. 

„არ არსებობს უფლება, ვალდებულების გარეშე. ის, რომ ის დისკრეციული უფლება, რასაკვირველია ეს ესეა, მარგამ როგორი არის ეს დისკრეციული უფლების გამოყენება და არის თუ არა მიზანშეწონილობის და დასაბუთებულობის თვალსაზრისით სიმყარე, როდესაც საზოგადოებას ეს კითხვები აქვს, ყველა ჩვენთაგანი და პრეზიდენტი პირველ რიგში, ვალდებულია ამას უპასუხოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 

დღის ამბები