16 ოქტომბერი 2019,   19:55
ვრცლად
"ჩვენი ნიღბები არის სიმბოლური, ეს არის კადრი ფილმიდან საშიში კინო" - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის პარალელურად აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოძრაობის აქტივისტები ნიღბებით მივიდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს  თუ რატომ შეიწყალა ქვეყნის პრეზიდენტმა მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირი. აქციის წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამარცხვინოსა და უპასუხისმგებლოს უწოდებენ. 

"სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, იქცევა სამარცხვინოდ და უპასუხისმგებლოდ, როდესაც იწყალებს მკვლელებს. ეს არის თითოეული ქართული ოცნების წარმომადგენლის პასუხისმგებლობა, როდესაც გუშინ კახი კალაძე გამობრძანდა და თქვა, რომ თურმე ჩანაწერში არის რაღაცა შესატანი ცვლილებები, პირველ რიგში, გადასახედი არის პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელსაც აყენებ ასეთ საპასუხისმგებლო კანდიდატურაზე და შემდეგ მის გაპრეზიდენტებას ეხმარებიან კრიმინალები და ძველი ბიჭები, რომლის ვალსაც დღეს იხდის ალბათ სალომე ზურაბიშვილი აი, ამ შეწყალების აქტით", - აცხადებს აქციის მონაწილე.

ამასთან, მოძრაობა "სირცხვილიას"  ერთ-ერთმა აქტივისტმა აქციაზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყანაში ძალადობის წახალისებაა. მათი თქმით, ნიღბები სიმბოლურად გაიკეთეს, რომლის საშუალებითაც "ქართული ოცნების" საშიში კინო ასახეს. 

"ეს არის ძალადობის წახალისება და, მეორე მხრივ, პოლიციელის ციხიდან გამოშვება აჩენს, მათ შორის პოლიციელებში დაუსჯელობის განცდას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და ჩვენი ნიღბები არის სიმბოლური, ეს არის კადრი ფილმიდან საშიში კინო და გვინდა, რომ ეს ძალიან საშიში კინო, რაც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო, დასრულდეს",- განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

დღის ამბები