23 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
წყნეთში, კახი კალაძის სახლთან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა

კახი კალაძის სახლთან წყნეთის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. ადგილობრივები თბილისის მერისგან მათი პრობლემებით დაინტერესებას მოითხოვენ. 

წყნეთში კახი კალაძის საცხოვრებელ სახლთან, 25-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი იმყოფება. შეკრებილებმა კალაძის სახლთან თავიანთი პრობლემები გააჟღერეს. მათი თქმით ვაკის რაიონის წყნეთი-ახალდაბის, ბეთანიის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ადგილობრივების თქმით გზაზე ხშირად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები ადგილზე მისვალს ვერ ახერხებენ, ისინი პირველ რიგში  გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ასევე ადგილობრივების  ნაწილის განცხადებით 2003 წლამდე , რამდენიმე მათგანმა უსასყიდლოდ მიიღო სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი წყნეთში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ჩამოერთვათ. ისინი თბილისის მერისგან  16 წლის წინანდელი მიწების დაბრუნებასაც მოითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობა თბილისის მერს ერთ კვირიან ვადას აძლევს. იმ შემთხვევაში თუ კახი კალაძე მათი პრობლემების მოგვარებას არ დაიწყებს, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

დღის ამბები