20 ოქტომბერი 2019,   11:10
ვრცლად
ბორჯღალოსნები ამომავალი მზის ქვეყანაში

სარაგბო სამყაროში დიდი ზეიმია - დღეს რიგით მე-9 მსოფლიო თასი იაპონიის დედაქალაქში, Tokyo Stadium-ზე, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არბიტრის, უელსელი ნაიჯელ ოუენსის სასტვენის მერე აიღებს სტარტს.

გახსნით მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და რუსეთის ნაკრები დაუპირისპირდება. რუსი “დათვები“ “რაგბი-ევროპაზე“ მომხდარი გახმაურებული სკანდალის შემდეგ მოხვდნენ მსოფლიო თასზე - მას მერე, რაც რუმინელებმა და ესპანელებმა რეგლამენტი დაარღვიეს და განაცხადში ნატურალიზირებული მოთამაშეები შეიყვანეს, ეს ქვეყნები ევროპულმა სარაგბო ორგანიზაციამ დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მსოფლიო თასი 1997 წლიდან იმართება და მასში ქართველი ბორჯღალოსნები მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. წინა ოთხივე ტურნირზე მონაწილეობა მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილს აქვს მიღებული, თუმცა “ბორჯღალოსანთა“ სამწვრთნელო შტაბის და მთავარი მწვრთნელის, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის გადაწყვეტილებით, მეკო ამ მსოფლიო თასზე ვეღარ მოხვდა. მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებენ გუნდის ვეტერანი დავით კაჭარავა და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მამუკა გორგოძე. “გორგოძილა“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2017 წელს დაემშვიდობა და მხოლოდ საკლუბო დონეზე, ფრანგულ “ტულონში“ ასპარეზობდა, თუმცა ქართველთა რაზმში არსებული ტრავმების გამო, კონკრეტულად კი მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძის მძიმე ტრავმის შემდეგ, მამუკამ თანხმობა განაცხადა ნაკრებში დაბრუნებაზე.

 საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში მსოფლიოს აღიარებულ გრანდებთან, ავსტრალიის და უელსის ეროვნულ ნაკრებებებთან, აგრეთვე ფიჯელებთან და ურუგვაელებთან მოუწევს ასპარეზობა. პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი ტოიოტა სითიში, City of Toyota Stadium-ზე თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

2 დღეა „ბორჯღალოსნები“ ნაგოიაში იმყოფებიან, სადაც პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. ნაკრებმა მანამდე ერთკვირიანი შეკრება ქალაქ ტოკუშიმაში გაიარა, სადაც 13 სექტემბერს ადგილობრივ Honda Heat-თან ერთობლივი ვარჯიშიც გამართა. ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა წინაშე შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მილტონ ჰეიგი, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მამუკა გორგოძე წარდგნენ.

ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს 4 წლის წინ მიღწეული შედეგის გამეორება გაუჭირდება, როდესაც ქართველებმა ჯგუფში ორი მეტოქის დამარცხება შეძლეს: „2015 წელს ჩვენგან არავინ ელოდა ასეთ თამაშს. სხვათა შორის, ამის შესახებ თავად ტონგელებმა მითხრეს. მაშინ ჩვენ შეუმჩნევლები ვიყავით და სენსაცია მოვახდინეთ. მას შემდეგ 4 წლის განმავლობაში კარგი შედეგები გვაქვს, უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ვართ, მოულოდნელობის ეფექტი ნაკლებია და შესაბამისად, უფრო გაჭირდება წარმატების მიღწევა,“ - განაცხადა ჰეიგმა.

 2019 წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი ნაკრებში მამუკა გორგოძის დაბრუნება გახდა. ქართველი გოლიათი მსოფლიო თასს კარგ ფორმაში ხვდება - „ტულონში“ ნათამაშევ პირველ მატჩში „აჟენთან“ მამუკამ ორი ლელო დადო: “მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ“. 4 მატჩში მონაწილეობის შემთხვევაში მამუკას პლანეტის მთავარ სარაგბო ფორუმზე 15 შეხვედრა ექნება გამართული და გაუტოლდება მერაბ კვირიკაშვილს, თუმცა მამუკა პირად რეკორდებზე არ ფიქრობს: „მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას“.

27 აგვისტოს თბილისში გამართულ დრამატულ ტესტმატჩში, სადაც „ბორჯღალოსანთა მეტოქე სამხრეთაფრიკული “აუზერნ ქინგზი“ გახლდათ, დაშავდა გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძეც, თუმცა, საბედნიეროდ, მისი ტრავმა ცუცქირიძესთან შედარებით ნაკლებად მძიმე აღმოჩნდა. ბუკა გუნდთან ერთად გაემგზავრა იაპონიაში და ბოლო ვარჯიშებშიც მიიღო მონაწილეობა: “სირბილი ახლახან დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველ დღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

გუშინ ნაგოიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ამ დრომდე ჯერ კიდევ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა პირველ მატჩში მონაწილეობას მერაბ შარიქაძე.

პ.ს. საკმაოდ საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა ფრანგულმა სარაგბო პორტალმა "ლა მონტანმა" - გამოცემა გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა და აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, ქართველი მესამეხაზელი იაპონიაში ვიხილოთ. გიორგის თქმით, წვივის ძვალზე ოპერაცია მას 27 აგვისტოსვე გაუკეთეს და სარეაბილიტაციოდ სამკვირიანი ვადა მისცეს.

 რაგბის მსოფლიო თასზე მოქმედი წესებით, ნებისმიერ მონაწილე ნაკრებს შეუძლია ერთი მორაგბის დამატება, თუ რაზმში ვინმემ ტრავმა მიიღო. გიორგის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერ მომენტში შეუერთდეს ეროვნულ ნაკრებს.

ავტორი: არჩილ ჭიჭიბოშვილი

დღის ამბები