19 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ეწვევა

მინისტრის საათის ფორმატში დღეს პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ეწვევა. ქეთევან ციხელაშვილი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება, შემდეგ კი დეპუტატების შეკითხვებს მოისმენს.

მთავარი კითხვა კი უკანონო ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს შეეხება.

„გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, ხალხის გატაცება საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართების გადმოწევა. ჯიუტად, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დააყენოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი. ყოველი ასეთი გადმოწევა, ფაქტობრივად, აგულიანებს რუსეთს, ვინაიდან, მას არ ხვდება არანაირი წინააღმდეგობა არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან. მხოლოდ ესეთი რიტორიკული განცხადებები ამას არ უშველის. ამიტომ, ნებისმიერი, მსგავსი ფაქტი უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე განხილვის საგანი,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პარალელურად, პარლამენტის წინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ფოტოგამოფენაც გაიმართება.  პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მინისტრს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პირების პრობლემების შესახებ კითხვებს დაუსვამენ. 

„ქართული ოცნება პირდაპირ, ღია თანამშრომლობაზე მიდის რუსეთთან. ისინი ღიად ამბობენ უარს სანქციებზე რუსეთის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი იქნება და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს ციხელაშვილი არ იღებს. იქნება გამოფენა-აქცია პარლამენტის გარეთ, იმიტომ რომ პარლამენტის შიგნით არ გვიშვებენ და ფოტოებს გამოვფენთ საოკუპაციო ხაზთან მყოფი სოფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე, კითხვები იქნება კონკრეტულ პრობლემებზე იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის მსგავსად, უმრავლესობის მთავარი კითხვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს შეეხება.  

„ის შესანიშნავი კანონთა პაკეტი, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, მე ვფიქრობ, რომ საგანგებო განხილვას მოითხოვს. საუბარია იმ მცირერიცხოვან ადამიანებზე, მცირე რიცხოვნად დარჩენილ ადამიანებზე, საოკუპაციო ხაზს იქით, რომლებიც ყოველდღიურ უმძიმეს ვითარებას უმკლავდებიან როგორღაც და რომელთათვისაც პერსპექტივა იხსნება გადარჩენის,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

დღის ამბები