19 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია ავსტრალიის მოქალაქეზე, პოლ გრეგოლ ლეხმანზე, რომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლ გრეგოლ ლეხმანს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სამი დღის წინ დააკავა, გამოძიება არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეომასალისა და ფოტოსურათების გავრცელება-რეალიზებას და ტრეფიკინგს ედავება. 

როგორც მოსამართლემ პროცესზე განაცხადა, მისი მიმალვის საფრთხე არსებობდა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ავსტრალიის მოქალაქის საქმე დანარჩენი დაკავებული 10 პირის საქმესთან შედარებით მძიმეა.  

„ბრალდების მხარეს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ავსტრალიის მოქალაქეც ეწეოდა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადებას და გასაღებას, აგრეთვე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს, რის გამოც, ის დაკავებული იქნა მისსავე საცხოვრებელ სახლში, სადაც ის ახდენდა პორნოგრაფიის გადაღებას, როგორც ფოტომასალის, აგრეთვე ვიდეომასალის. ფულს იღებდა ავსტრალიის მოქალაქე აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შედეგად და საიდანაც, როგორც დგინდება ამ ეტაპისთვის, თვითონ არასრულწლოვნებს უხდიდა გარკვეული ოდენობის თანხებს. საუბარია ძალიან პატარა ასაკის ბავშვებზე. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 5 წლის იყო, როდესაც დაიწყო მის მიმართ ფოტოების გადაღება და ამ ასაკის ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ფიზიკური ძალადობა, რომ ის დაიყოლიო გარკვეულ ქმედებაზე. ყველაზე უფროსი არის, ამ ეტაპისთვის 16 წლის,“ - აცხადებს პროკურორი.

ავსტრალიის მოქალაქის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„ჩვენ სასამართლოს წინაშე გვქონდა შუამდგომლობა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პოლ ლეხმანის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, ვინაიდან ვთვლი, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ამ ეტაპზე, ბრალდებულის კატეგორიული მოთხოვნაა, აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება არ გავასაჩივრო, რაც წერილობითაც დაადასტურა და მისი მოთხოვნა იყო, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება, მიუხედავად ჩემი მხრიდან გაწეული არაერთი კონსულტაციისა,“ - აცხადებს ავსტრალიის მოქალაქის ადვოკატი. 

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის ტრეფიკინგის და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

დღის ამბები