20 ოქტომბერი 2019,   11:27
ვრცლად
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა 125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა და მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

გენომ ფინალურ მატჩში, უდრამატულეს ორთაბრძოლაში თავისი ყველაზე უხერხული მეტოქე, თურქი ტაჰა აკგული შეხვედრის ბოლო წამებზე დაამარცხა. შეხვედრის პირველი 3 წუთი თურქი მოჭიდავის უპირატესობით წარიმართა და 2:0 დაწინაურდა. მეორე ნახევრის დასაწყისიდან აკგულმა კიდევ 2 ქულა აიღო და უკვე კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა ქართველი მძიმეწონოსანი შეტევაზე გადავიდა, ერთ შეტევაში 4 ქულა აიღო და ანგარიში გათანაბრა, მაგრამ იქვე კონტრილეთზე წამოეგო და შეხვედრის დასრულებამდე 39 წამით ადრე 4:6 ჩამორჩა მეტოქეს.

ქართველი მსოფლიო ჩემპიონი არ გატყდა, ორთაბრძოლის ბოლო წამებზე კიდევ 2 ქულა მოიპოვა და ანგარიში ისევ გაათანაბრა და რადგან ჭიდაობის წესებით, ფრის შემთხვევაში უპირატესობა ბოლო ქულის მომპოვებელ ფალავანს ენიჭება, გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი გახდა. დღესვე კიდევ ერთი მედალი, ოღონდ ბრინჯაოს, ირაკლი მწითურმა მოიპოვა.

დღის ამბები