20 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
"საქართველო მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას" - პუტინის მორიგ პროვოკაციულ განკარგულებას თბილისში შეფასებები მოჰყვა

პუტინის მორიგ პროვოკაციულ განკარგულებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კრემლის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებაზე საერთაშორისო თანამეგობრობას დღეს გაეროშიც აცნობებენ.

უწყების პრეს-სპიკერის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო სივრცეში ინტეგრირებას ემსახურება, რაც ცალსახად უკანონო ნაბიჯია.

ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ ე.წ. შეთანხმება, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმდა, არალეგიტიმურ დოკუმენტს წარმოადგენს.

„გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას, რაც თავად საფუძველშივე წარმოადგენს არალეგიტიმურ დოკუმენტს. საქართველო მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, პარტნიორების ინფორმირებას, საერთაშორისო ტრიბუნების და ფორმატების აქტიურ გამოყენებას, მათ შორის, ამჟამად მიმდინარე გაეროს გენერალური ასაბლეის დებატების ფორმატს, სადაც მსოფლიო ლიდერები არიან შეკრებილი, იმისთვის რომ სათანადო შეფასება მიეცეს და ასევე შეჩერდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები“ - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად რუსეთის თავდაცვისა და საგარეო უწყებებმა მოლაპარაკებები უნდა გამართონ ოკუპირებულ აფხაზეთთან, რის შემდეგაც მოსკოვი შეთანხმებას ხელს მოაწერს.

 

 

დღის ამბები