უკვე ორი დღეა, რაც აფგან მუხთარლი შიმშილობს. აზერბაიჯანის კოლონიაში მყოფმა ჟურნალისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შიმშილობა მისი სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია.
როგორც ლეილა მუსტაფაევა ამბობს, ადვოკატსა და მუხთარლის შორის შეხვედრა პარასკევს შედგა. მუსტაფაევა ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი უკანონოდ გაჩხრიკეს და ყველა დოკუმენტი ჩამოართვეს.
"მიზეზად განმარტეს, რომ მან თავის დაცვის ქვეშ მყოფს ელაპარაკა. ევრო სასამართლოს კი იმიტომ მივმართეთ, რომ ის საქართველოში დააკავეს და აზერბაიჯანს გადასცეს," - განმარტა ლეილა მუსტაფაევამ.
დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ დაკავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მას შაქრიანი დიაბეტი აქვს. ადვოკატის თქმით, მუხთარლის მოთხოვნაა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში ეფექტურად იქნას გამოძიებული მის მიმართ განხორციელებული დანაშაული.
"მუხთარლის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ორივე სახელმწიფო, როგორც საქართველო, ისევე აზერბაიჯანი იქნებიან პასუხისმგებელნი,“ – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. გატაცების საქმეზე გამოძიება ქართულმა მხარემ მალევე დაიწყო, თუმცა ყველა შეკითხვა ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.