16 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
ზაზა სარალიძე დაჭერების სერიას აანონსებს - მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დასრულდა

საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესზე ბრალდების 4 მოწმე, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დაიკითხა. სასამართლო სხდომას დავით სარალიძის მამაც ესწრებოდა. ზაზა სარალიძე დაჭერების სერიას აანონსებს.

"სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. ბავშვებსაც, დამნახავებსაც, სამოხელეო ნაწილსაც, ყველას, ყველას. სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია ყველაფერი. ვისაც ამ საქმეში ოდნავი წვლილი მიუძღვის, ყველა დაისჯება," - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით,  დიდი იმედი აქვს, რომ ყველა ვისი ბრალიც გამოიკვეთება ამ საქმეში დასჯილი იქნება. ნესტან ლონდარიძემ, საქმეზე ზედამხედველი პროკურორების ბრალეულობასაც არ გამორიცხავს.

"მე ვგულისხმობ ყველა იმ პირს, მოდით შევხედოთ საქმეს სრულყოფილად, ყველა იმ პირს ვინც კი საქმეში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამაზე დიდი როლი მიუძღვის საქმის ზედამხედველ პროკურორებს, რომლის დიდი წვლილიც იკვეთება საქმეში, სავარაუდოდ იკვეთება კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აუცილებლად იქნება ეს მიყვანილი ბოლომდე, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამ პროკურორებთან ერთად მათი ზემდგომები ვისგან იღებდნენ გარკვეულ დავალებებს, ეს საქმიდან გამოიკვეთება და აუცილებლად აგებენ პასუხს," - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

პროკურორის თქმით, მოწმეების ჩვენებებით და მტკიცებულებებით კალანდიას ბრალეულობა დასტურდება. ბესიკ ქვარცხავას თქმით, დღეს ის პირები დაიკითხნენ, როლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილის ტერიტორიაზე მუშაობენ და ცხოვრობენ.

"მოწმეები გახლდნენ სწორედ ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ ან და მუშაობენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთის მხრივ და ასევე ერთ-ერთი მოწმე გახლდათ უშუალოდ 51-ე სკოლის იმ დროინდელი მოსწავლე. შესაბამისად მათ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ როგორც კონფლიქტში მონაწილე პირებთან უშუალოდ პირდაპირ, ასევე გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ადგილთან, სადაც განხორციელდა დავით სარალიძის მკვლელობა," - განაცხადა პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ.

დღის ამბები