19 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ კუმაგაიაში, Kumagaya Rugby Stadium-ზე კვირას გამართავს. პირველ მატჩში, სადაც ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგით მეოთხე ადგილზე მყოფ უელსის ნაკრებთან 14:43 დამარცხდა. მომავალი მატჩისთვის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა საფუძვლიანად გადაახალისა. ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა 3 დღის წინ მიმდინარე ტურნირის უმთავრესი სენსაცია მოახდინა და ფიჯის ნაკრები 30:27 დაამარცხა. სამხრეთ ამერიკელები D ჯგუფში, სადაც საქართველოს გარდა, უელსის, ფიჯის და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ, აუტსაიდერებად ითვლებოდნენ, თუმცა ურუგვაელები ასე არ თვლიან და ფიჯელთა დამარცხების შემდეგ ახლა უკვე ქართველთა წინააღმდეგ ელიან წარმატებას.

უელსთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ სამმა ბორჯღალოსანმა შეინარჩუნა - კვლავ საწყის 15-ეულში იქნებიან უკანა ხაზელი გიორგი კვესელაძე, რომელმაც ფრთიდან შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა, 10 ნომერი თედო აბჟანდაძე და მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე. სულ 12 ცვლილებიდან 5 ხაზში განხორციელდა. 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც წინა მატჩში ვასილ ლობჟანიძის შემცვლელი იყო, ახლა კი მათ როლები გაცვალეს.

ცენტრში კვესელაძეს ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მალაღურაძე უელსთან განაცხადში არ იყო. განაცხადში არ იყვნენ და ამჯერად ფრთებზე იწყებენ თამაშს სანდრო თოდუა და ზურაბ ძნელაძე. თოდუასთვის ეს მე-80-ე, ხოლო ძნელაძისთვის მე-10 სანაკრებო კეპი იქნება.

უელსთან სულ რამდენიმე წუთი ითამაშა და ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ძირითადშია ლაშა ხმალაძე. ტრავმა მოიშუშა და ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე. ის მოსამზადებელ მატჩში, ‘საუზერნ კინგსთან’ დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მარქაფაშია სოსო მათიაშვილიც. ურუგვაისთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნება, რომელიც გახდება 32-ე მორაგბე, რომელსაც აქამდე ბორჯღალოსნებისთვის უკაპიტნია. მან უელსთან შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი ძირითადშია. სულ ჰეიგმა 8-იდან 7 მორკინალი შეცვალა. პირველ ხაზში ბრეგვაძეს მხარს გურამ გოგიჩაშვილი და ლევან ჩილაჩავა გაუმაგრებენ. უელსთან ისინი მარქაფაში იყვნენ. მარქაფაში გადაინაცვლა მარჯვენა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძე და გიორგი მელიქიძე კი მსოფლიო თასზე პირველად ითამაშებენ. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა კოტე მიქაუტაძემ, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ლომიძესთვის ეს იაპონიაში პირველი თამაში იქნება. მეორე ხაზში შეცვლაზე შევა მამუკა გორგოძე, რომელმაც უელსთან მესამე ხაზში, ძირითადში ითამაშა. მესამე ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პირველ მატჩში მარქაფაში იყვნენ. ფლანკერები შალვა სუთიაშვილი და ბექა საღინაძე იქნებიან, ხოლო შემკვრელი ოთარ გიორგაძეა. მესამე ხაზის მარქაფაშია ბექა გორგაძე. ჰეიგს ურუგვაისთან მატჩში 3 ისეთი მორაგბე ეყოლება, რომლებსაც მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ - ძნელაძე, კარკაძე და მელიქიძე პირველად ითამაშებენ პლანეტის მთავარ სარაგბო ტურნირზე. საქართველო-ურუგვაის მატჩი 29 სექტემბერს, თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მას ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის.

ავტორი: არჩილ ჭიჭიბოშვილი

 

დღის ამბები