24 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
"ცუდი არ ვყოფილვარ, სულ კარგი ვიყავი"- გენერალური პროკურორის მოადგილე პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს

"კაბელების საქმე", "ბირჟა-მაფია", "ნარკოტიკების ჩადება", "ზეწოლა სასამართლოზე", - ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციამ მოსამართლების კიდევ ერთ კანდიდატთან, გენერალური პროკურორის მოადგილესთან, მამუკა ვასაძესთან გასაუბრებისას წამოჭრა.

პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში, მამუკა ვასაძე 8 საათია დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მოსმენა დღეს შედარებით მშვიდ ვითარებაში გრძელდება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ მოსამართლეობის კანდიდატს იმ ფაქტის შეფასება სთხოვა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმის დეტალები იცოდა. ხოშტარიამ იკითხა, იყო თუ არა ეს კანონდარღვევა.

მამუკა ვასაძემ ამ საკითხის შეფასებაზე უარი განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ წამოჭრა თემა ბირჟა-მაფიას გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. ხოშტარიამ კანდიდატს ჰკითხა, ახსოვდა თუ არა მას ის ფაქტი, თუ რა უძღოდა ბირჟა-მაფიას წევრების გათავისუფლებას.

 "პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე, რადგან არ არსებობდა შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები ბრალდების მხარდასაჭერად,"- უპასუხა ვასაძემ ხოშტარიას.

"პატარა ნიუანსი გამოგრჩათ, მანამდე ბერამ გააკეთა განცხადება, რომ ესენი კარგი ბიჭები არიან და დაანებეთ თავიო,"- უპასუხა ხოშტარიამ ვასაძეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ციტატა წაიკითხა:

"იყვნენ ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადოდნენ ცუდ რაღაცებს და ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს". ნადირაშვილი დაინტერესდა, ჯდებოდა თუ არა მისი პიროვნება კობახიძესეულ ამ განმარტებაში.

ვასაძემ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა და საკითხის დაკონკრეტების დროს აღნიშნა, რომ "სულ კარგი იყო".

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობოების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძესა და მირანდა ერემაძეს.

დღის ამბები