23 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
სკანდალურ შეწყალებებზე დაკითხვები გრძელდება - პრეზიდენტმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღო

შეწყალების სკანდალზე გამოსაკითხ პირთა სია იზრდება. პროკურატურაში დღეს დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორები იყვნენ დაბარებულები.  თუმცა, მედიისთვის ბევრი რამ ისევ უცნობია. საგამოძიებო უწყება გამოკითხულ პირებთან გაუთქმელობის ხელწერილს აფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მედიასთან ღიად საუბრის უფლება არ აქვთ.

მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ სკანდალს პირველად გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ გამოცხადებული მორატორიუმი არის ფრთხილი გადაწყვეტილება. პირველი კომენტარი პრეზინდენტმა შეერთებულ შტატებში გააკეთა და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღო.

"მივიღე გადაწყვეტილება ჩემით, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია და მიმდინარეობს. მიდის გამოძიება, დაველოდოთ. მე მაქვს სრული ნდობა გამოძიების და რაც ხდება.  სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა იმ საქმეებიდან, თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე, ვინ უნდა იყოს. კიდევ ერთხელ: არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არაა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მიერ სკანდალურ შეწყალებებზე პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება ოპოზიციას ეჭვებს უჩენს. პოლიტიკოსების აზრით, ზურაბიშვილმა ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო და გამოძიებაც ფორმალურია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შესაწყალებელთა სია არა ათონელის რეზიდენციაში, არამედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დაიწერა.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და გამოძიების დასრულებას ელოდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების ფონზე პროკურატურა სკანდალური შეწყალებების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. დღეს გამოკითხული გაბუნიას პარტნიორებამდე გამომძიებლებმა თავად გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გამოკითხეს. პროკურატურაში დაბარებულებს შორის იყო ანგი ხუციშვილი, რომელიც შეწყალებულთა სიის შემდგენ მთავარ ფიგურანტად დიმიტრი გაბუნიამ დაასახელა.

დღის ამბები