23 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
"შერჩევითი სამართალი სირცხვილია" - პროტესი სპეცრაზმელის გათავისუფლებას და დიდი საპროტესტო ტალღის მოლოდინი

"შერჩევითი სამართალი სირცხვილია"- თეატრალიზებული პერფორმანსით მოქალაქეებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გათავისუფლება გააპროტესტეს. აქტივისტებმა დღეს სიმბოლურად მოსამართლის მანტია და ბიძინა ივანიშვილის ნიღბები მოირგეს. მანტიებით და ბიძინა ივანიშვილის ნიღბით აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ქვეყნის მთავარი მსაჯული ივანიშვილია.

სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, იმავე მდგომარეობაში მყოფი 20 ივნისის აქციის მონაწილეები კი კვლავ საპატიმროში რჩებიან.

ეს ის ერთადერთი სპეცრაზმელია, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს. თუმცა, ის დღეს უკვე თავისუფალია.

მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება უჭირს და დღითიდღე უფრო მძიმდება ლევან ჯიქურის ჯანმრთელობა, მოსამართლე ამ გარემოებას არ ითვალისწინებს და მას მაინც პატიმრობაში ტოვებს.

ჯიქურიც 20 ივნისის საქმეზეა დაკავებული და ჯგუფური ძალადობის მუხლი აქვს წაყენებული. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ბესიკ თამლიანსაც, მაგრამ ეს არგუმენტი  არც მის გასათავისუფლებლად ჰყოფნის მართლმსაჯულებას.

სპეცრაზმელის გათავისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიებიც უპირისპირდებიან. ოპოზიცია დიდ საპროტესტო ტალღას აანონსებს. მმართველ გუნდში კი ცდილობენ ახსნან ტერმინი, რას ნიშნავს გათავისუფლება და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

კითხვას შერჩევით მართლმსაჯულებაზე არ პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი. 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილეების პროცესი 8 ოქტომბერს ჩაინიშნა. 

დღის ამბები