20 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება დასრულდა

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა. 7 ქულით პირველ ადგილზე სომეხი მოჭადრაკე გავიდა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ლევან ფანცულაიამ, რომელმაც კიდევ ერთ სომეხ მოჭადრაკესთან მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა. გათამაშებაში 12 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ხოლო ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

"ძირითადი ტურნირი ეს არის ა კატეგორიის ტურნირი, ა კატეგორიის ტურნირი სამწუხაროდ დავთმეთ, რადგან სომხებმა გვაჯობეს, თუმცა ლევან ფანცულაიამ სამეულში მოხვედრა მოახერხა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ტურნირში მონაწილეობა მიიღო,’’ - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა

ტურნირთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა  გია გიორგაძემ.

"ტურნირმა კარგად ჩაიარა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირი გაიმართა, ტურნირში 13 ქვეყნის 250 მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. რაც შეეხება სპორტულ შედეგს, რა თქმა უნდა ვისურვებდი უკეთესს, რადგან მთავარი პრიზი ვერ მიიღეს ჩვენმა მონაწილეებმა, თუმცა იყო ბრძოლა ბოლო მომენტამდე და ფანცულაიას ჰქონდა კიდეც შანსი მიეღო მთავარი პრიზი, მაგრამ ვერ მოხერხდა და გავიდა სამეულში," -  აღნიშნა გია გიორგაძემ.

დღის ამბები