25 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
ურთიერთბრალდებები დაპირისპირებულ მშობლებს შორის - ინციდენტი რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის ეზოში დღეს მშობელი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოსწავლე. სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მშობელთა მოთხოვნა სკოლიდან იმ გოგონას გარიცხვა იყო, რომელსაც მუსიკის პედაგოგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

სკოლის ეზოში პროტესტი სულ მალე მშობლების ისეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებაც გახდა საჭირო.

მასწავლებლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული მოზარდის დედა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მომხდართან მის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მაია დემეტრაშვილის თქმით ინციდენტიც და სასწავლო პროცესის ჩაშლაც წინასწარ იყო ორგანიზებული.

ბრალდებებს უარყოფს სკოლის ყოფილი დირექტორი, არსენ დემეტრაშვილიც.

მშობლები სკოლაში ბავშვების გაშვებას არც ხვალ აპირებენ და ამბობენ, რომ ადმინისტრაცია უსაფრთხო გარემოს ვერ უზრუნველყოფს. სკოლის დირექცია კი მშობლების მხრიდან სასწავლო პროცესის ხელის შეშლაზე საუბრობს.

მოსწავლე-მასწავლებლის დაპირისპირებაზე განათლების მინისტრიც ინფორმირებულია, თუმცა მიხეილ ბატიაშვილს უჭირს კონკრეტულ გეგმაზე საუბარი, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა.

ინციდენტი სკოლაში რამდენიმე დღის წინ მოხდა, რაზეც რეპორტაჟი "კურიერმაც" მოამზადა. რუსთავის ხმაურზე საქმეც აღძრულია და გამოძიება ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები