24 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩის დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ამ დროისთვის ყიფშიძის ქუჩის დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია. "კურიერმა" შეძლო მისი ოჯახის ახლობლებისა და ნათესავების ჩაწერა. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრს კონფლიქტი ამ დრომდე არავისთან ჰქონია. ამასთან, დაზარალებულის ოჯახის წევრები გამოძიებას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ თუ გამოძიების შედეგი დროულად დაიდება, ისინი სხვა გზებს მიმართავენ, რათა საქმეს ნათელი მოეფინოს.

"ჩვენ თვითონაც არ ვიცით. მიდის გამოძიება და იმედია ამ კრიმინალურ ქვეყანაში გამოიძიებენ და გავიგებთ რა მოხდა. საერთოდ არ იცნობდა. სტაბილურად მძიმეაო მდგომარეობა, ასე მეუბნებოდა. ასე ზუსტად არ უთქვამს ექიმს, მაგრამ დაახლოებით 3 ჭრილობა აქვს," - განაცხადა დაჭრილი მამაკაცის ოჯახის ახლობელმა.

რამდენიმე საათიანი რთული ოპერაციის შემდეგ მედიასთან კომენტარი ქირურგმაც გააკეთა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმმა "კურიერთან" საუბარში განმარტა, რამდენიმე კვირიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ის კვლავ თავისუფლად ცხოვრებას გააგრძელებს.

ქირურგის თქმით, დაშავებულს არცერთი ჭრილობა არ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. მას ჰქონდა სისხლჩაქცევები, რომლებიც სავარაუდოდ ბლაგვი საგნით მიაყენეს და ასევე ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობებიც.

"შემავალი ჭრილობაა მუცლის არეში წვრილნაწლავის დაზიანებით. ასევე ზურგში მიყენებული სისხლჩაქცევის გამო რეტროპერიტონემია აქვს განვითარებული, რომელიც გაიხსნა, დარევიზირდა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა ქირურგმა.

შეგახსენებთ, ხეჩინაშვილის კლინიკაში ამ დრომდე ყიფშიძეზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებული 2 მამაკაცი მკურნალობს. როგორც ერთ-ერთი მათგანის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, შესაძლოა მე-2 მამაკაცი თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები