19 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
"ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში" - ოპოზიცია მმართველ გუნდს ხელისუფლებაში მოსვლის დღეს ახსენებს  

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა 1-ლი ოქტომბერი და ის პერიოდი გაიხსენეს, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ დღეს ადამიანებს კრიტიკული აზრის გამოხატვა ისე შეუძლიათ, რომ რაიმე შიშის განცდა არ აქვთ. 

"მე მინდა მივულოცო ყველა იმ გულანთებულ მოქალაქეს, რომელიც არ შეუშინდა არავითარ ხიფათს. თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული. მართალია ბაცილები დარჩა, ამ ბაცილებს ვხედავთ დღესაც, მაგრამ რეჟიმი, ძირითადად, გასტუმრებული იქნა და მოქალაქე, პიროვნება გათავისუფლდა. მას შეუძლია დღეს, ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ მშვიდობიანად წავიდეს სახლში," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიას ამ განცხადებას "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა, რომელმაც ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება.

"რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი. ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში, თუ აქვს მაცივარი საერთოდ, იმიტომ რომ ქვეყანაში, თქვენს პირობებში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა," – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თავის მხრივ, ჭიაბერაშვილის ამ განცხადებას ნუკრი ქანთარიამ უპასუხა და განუცხადა, რომ მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დროსაც უჭირდათ. 

"მაცივარი არც თქვენ დროს არ იყო ხორაგით სავსე და განსხვავება ის იყო, რომ ზოგჯერ რომ გამოხსნიდა კაცი, ლიმონკა ხვდებოდა. ამ პირველმა ოქტომბერმა, სხვათა შორის, თქვენც გაგიხანგრძლივათ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სარბიელი, თორემ ახლა თქვენ სადღაც შორს ბუხართან იჯდებოდით უკვე მემუარების წერაში," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

1-ლი ოქტომბერი გაიხსენა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ დღეს იმაზე მეტი ადამიანია სამართლის აღდგენის მოლოდინში, ვიდრე  მანამდე, სანამ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა.

"იმ ადამიანებს, ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა, იმ ადამიანების სახელით, ვინც მათ პირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ დაგვვიწყებია. 7 წლის თავზე, რა არის - იმაზე მეტი ადამიანი სამართლის მოლოდინში, ვიდრე ჩვენ გვყავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. ამაზე ალბათ საზოგადოება გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები