19 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი დღეს ძალაში შევიდა - ცვლილებებზე ექსპერტთა აზრი ორად გაიყო

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი დღეს ძალაში შევიდა. დღეიდან დაიყოფა A და  B კატეგორიები. A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერისაა და B კატეგორიისგან განსხვავებით, აქვს ტაქსის ნიშანი, მათ ასევე შეუძლიათ მგზავრების ქუჩიდან აყვანაც.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთა მოსაზრებები ტაქსების რეფორმაზე განსხვავებულია. მათი ნაწილი რეგულაციებს მიესალმება, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რეფორმა შედეგს ვერ გამოიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ მძღოლებმა რეფორმა მიიღეს. "A და B კატეგორიებად არის დაყოფილი და შედარებით კარგი პირობები აქვს  A კატეგორიას, თუმცა მათ ასევე უნდა მიეღოთ ის წაყენებული პირობები, რაც გულისხმობდა ავტომობილის გადაღებვას. ამას წინააღმდეგობრივი მოსაზრებები მოჰყვა, მაგრამ თუ შეფასებას გავაკეთებთ და ვნახავთ, რომ 24 %-მა  მიიღო ეს შეთავაზება, მივხვდებით, რომ მძღოლებმა მიიღეს ეს რეფორმა," - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ სფეროს უამრავი ხარვეზი აქვს, თუმცა ახალი რეგულაციები ამას ვერ მოაგვარებს.  "მთავარი ამოცანა იყო ტაქსების გაუმჯობესება, ამაზე ყველა შევთანხმდით, რომ ძალიან დაბალი დონის სერვისია, როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე უსაფრთხოების კომპონენტით. თუმცა თბილისის მერიამ ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები და წასულიყო იმ გზით, რითაც მოხდებოდა სფეროს განვითარება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და გაჯანსაღება მთლიანად სექტორის, აირჩია რეგულაციები, რომელიც საერთოდ გაუგებარია," - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები