25 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
მეორე "წითელი ბარათი" ნადირაშვილს - დიმიტრი გაბუნია ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ისევ ჩივილით დაემუქრა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, რომელსაც დღეს "ევროპულმა საქართველომ" ახალი ბრალდებები წაუყენა, სასამართლოში ჩივილს აპირებს.
"ევროპულმა საქართველომ" გაბუნია ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის რეკომენდაციით, ადმინისტრაციამ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად გაბუნიას ბიზნესპარტნიორი, გიორგი მიროტაძე წარუდგინა. "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიზნესკავშირებს ადასტურებს ბრალდების ადრესატიც.

ირმა ნადირაშვილისთვის საეჭვოა ის ფაქტიც, რომ მაშინ, როდესაც "შეწყალების საქმე" სკანდალური გახდა, გაბუნიას ბიზნესპარტნიორმა საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე კანდიდატურა მოხსნა.

"ევროპულ საქართველოში" არ გამორიცხავენ, რომ გიორგი მიროტაძე შეწყალების სიასთანაც იყოს დაკავშირებული, რადგან რამდენიმე დღის წინ ის მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურად გიორგი მიროტაძის წარდგენას ადასტურებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თუმცა ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეს საკითხი კომიტეტზე არ განხილულა.

"კურიერთან" საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამტკიცებს, რომ სკანდალური შეწყალების თემაზე საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება აღარ იგეგმება. დიმიტრი გაბუნია გამოძიების დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს, რომ ის პირები დაასახელოს, რომლებიც, მისი თქმით, მიზანმიმართულად ცდილობენ მის დისკრედიტაციას.

დღის ამბები