19 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
კონსტიტუციური გაუგებრობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის ამბავი პარლამენტში ახალი ურთიერთბრალდებების საბაბად იქცა.

კენჭისყრამდე მიყვანილი საქმე, "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ჩაშალა. "სემეკ"-ის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია წარადგინა. ის, რომ პრეზიდენტს არ აქვს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წარდგენის უფლება, ყველასათვის სიურპრიზი იყო.

რაც პრეზიდენტსა და კანონმდებლებს გამორჩათ, ხათუნა გოგორიშვილმა კონსტიტუციაში ამოიკითხა. დეპუტატმა გაარკვია, რომ ქვეყნის პირველი პირი პარლამენტისთვის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენით კონსტიტუციას არღვევდა. ოპონენტებს კომპეტენცია დაუწუნა, პრეზიდენტი კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევის მცდელობად განიხილეს მმართველ გუნდში. როგორც "ქართული ოცნების" წევრები დღეს აღნიშნავდნენ, ნორმა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა იხელმძღვანელა, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ხარვეზს შეასწორებენ.

სხდომათა დარბაზში მისულმა დეპუტატებმა, რომლებსაც გუშინ დავით ნარმანიასთვის კენჭი უნდა ეყარათ, აღნიშნეს, რომ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. მათ ნაწილს პრეტენზიები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთანაც ჰქონდა.

საკითხის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება. ვინ და როგორ უნდა წარადგინოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პარლამენტში, სწორედ ამ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. რომ არა "ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადება, დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს კონსტიტუციის დარღვევით დაიკავებდა.

კანონში შესატანი ცვლილებები უკვე ინიცირებულია. 

დღის ამბები