18 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩის სისხლიანი დაპირისპირებისას დაჭრილი ლევან ძნელაძის მეუღლე პრემიერს მიმართავს

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება იმ ადამიანების ვინაობა, რომლებთანაც ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს და მის ოჯახს ბიზნეს პრეტენზიები ჰქონდათ. მათგან ერთი-ერთი ჩხუბშიც ფიგურირებს.

სისხლიანი ანგარიშსწორებიდან მე-3 დღეს მედიისთვის კვლავ უცნობია დაკავებულია თუ არა ვინმე ამ საქმეზე. ამ დრომდე უცნობია თუ სად არიან ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირება, თუნდაც "კურიერის" მიერ მოპოვებული კადრებით რთული არ უნდა იყოს. ფაქტია, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას ყველა მონაწილე ადგილზე იყო.

პირი, რომელზეც ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ლევან ძნელაძის მეუღლე მარიკა წერეთელი საუბრობს, მისი ვერსიით თავდასხმის მთავარი ფიგურანტი და დამკვეთია. მარიკა წერეთელი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ეს ადამიანი ლაშა გულიაშვილია. ორი დღის წინ წერეთელს და მის მეუღლეს შეხვედრა სწორედ გულიაშვილთან და სამშენებლო კომპანია "ჰაუს დეველოპმენტის" დირექტორთან, მალხაზ მირცხულავასთან ჰქონდათ დაგეგმილი. დაჭრილი ლევან ძნელაძის მეუღლე ფიქრობს, რომ მირცხულავას მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონფლიქტის მონაწილეებს, ამ დრომდე მათი თავისუფლება ოჯახის წევრებს ეჭვს უჩენს, რომ მათ გავლენიანი მფარველები ჰყავთ.

მარიკა წერეთელმა დღეს ღიად მიმართა პრემიერ-მინისტრს, მას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა და ხელისუფლება კრიმინალთან არაეფექტურ ბრძოლაში დაადანაშაულა. როგორც წერეთელი ამბობს, საქმის უმოკლეს დროში გამოძიების იმედი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა რჩება კითხვები თუ როგორ მოახერხეს თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. იმავე კითხვებზე პასუხი დაზარალებულების შვილებსაც აინტერესებთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე თავდამსხმელების დაკავების ან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მათ შორის უცნობია დააკავეს თუ არა გივი ცინცაძე, რომელიც კონფლიქტის, ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტია. გივი ცინცაძე დღეს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკიდან გაეწერა, თუმცა უცნობია სად არის - თავისუფლებაზე თუ პატიმრობაში.

კაპანელის ქუჩის 5 ნომერი - სწორედ ამ მისამართზე შენდება კორპუსი, სადაც ინვესტიციის სანაცვლოდ ლევან ძნელაძის ოჯახს ბინა ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა მიეღო. როგორც ირკვევა, ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმის მსხვერპლები გამონაკლისები არ არიან. "კურიერის" წყაროს ინფორმაციით კომპანია "ჰაუს დეველოპმენტს" საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი 90-მდე ოჯახი ჰყავს.

დღის ამბები