19 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძის განცხადებას სექსისტური შინაარსის მქონედ მიიჩნევს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მისამართით, პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს სახალხო დამცველი სექსისტური შინაარსის მქონედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავსი გამონათქვამი აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.

ომბუდსმენის შეფასებით,  აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული.

"სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ თავისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია – სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს,"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამებისგან და მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

განცხადება, რომელსაც როგორც პოლიტიკოსების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გააკეთა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, "მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ".

დღის ამბები