19 აპრილი 2024,   12:31
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - პოლიციამ "დედ ჰასანის" ოჯახის წევრი დააკავა

"კურიერმა" ვარკეთილში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. ასლან უსოიანის, იმავე "დედ ჰასანის", ოჯახის წევრი პოლიციამ ვარკეთილში მომხდარი თვითმკვლელობის საქმეზე დააკავა. არასრულწლოვანი ბალოიანი იმ ჯგუფთან ერთად აიყვანეს, რომელსაც ძარცვის მუხლით ედავებიან. ეს სახელი და გვარი გამოძიებას იმ ადამიანებმა დაუსახელეს, რომლებმაც მე-11 კლასის მოსწავლე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს.

ქალბატონი, რომელიც "კურიერთან" დეტალებზე დღეს აღარ საუბრობს, ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" დაა. ის საკუთარ შვილიშვილზე რამდენიმე დღის წინ "კურიერთან" ყვებოდა, რომ იცოდა, როგორ წაართვეს მე-11 კლასის მოსწავლეს მობილური ტელეფონი.

"კურიერმა" რამდენიმე დღის წინ გაარკვია, რომ თვითმკვლელობის საქმეში 6 პირის ბრალეულობა გამოიკვეთა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულების წინააღმდეგ ჩვენებები გარდაცვლილის მეგობრებმა მისცეს. მოწმეები აღწერენ, რომ სტადიონთან პირადად შეესწრნენ, როგორ წაართვეს მე-11 კლასის მოსწავლეს მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით კი ამ პროცესში დაკავებულებიდან მხოლოდ 3 აქტიურობდა.

"გიორგი შამბეშოვი სთხოვდა გიორგი ყუშიტაშვილს, რომ მიეცა მისთვის ტელეფონი, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. ამის შემდეგ გაიყვანეს იქვე, რამდენიმე მეტრში მდებარე სტადიონთან. სადაც შამბეშოვი და წიწილაშვილი ითხოვდნენ მობილურს, რაზეც გიორგი ისევ უარს აცხადებდა. რადგან ამბობდა, რომ ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, იყო მისი შეყვარებულის. ამის შემდეგ გიორგი შამბეშოვმა სცადა ძალით წაერთმია ტელეფონი: მიუახლოვდნენ, ზოგი ხელს უჭერდა, ზოგი სხეულზე იჭერდა და საბოლოოდ ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს. გიორგი სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, უთხრა, რომ სახლშიც პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ გიორგი შამბეშოვმა და გიორგი წიწილაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხეს. გიორგი ყუშიტაშვილს ეტყობოდა, რომ იყო ძალიან აღელვებული, ხოლო მათი მხრიდან ისევ ისმოდა დამცინავი სიტყვები,"-წერია ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

მოწმეების ჩვენებებიდანვე ირკვევა, რომ გარდაცვლილი არ იყო იმ დღეს ერთადერთი, რომლისთვისაც ტელეფონის გამოძალვა სურდათ. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გამოძიებას უყვება დეტალებს, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თავადაც პოტენციური მსხვერპლი, რომელსაც ადამიანთა ჯგუფი აშინებდა.

"როდესაც გავიგე შეძახილი "ბიჭო", უკან გავიხედე. გვითხრეს, რომ ბიჭებს ესაჭიროებოდათ დახმარება და მოფარებული ადგილისკენ უნდა გადაგვენაცვლა. მითხრეს, რომ საღამომდე უნდა დამელომბარდებინა ტელეფონი. ვუთხარი ჩემი მიზეზები, რის გამოც ვერ დავალომბარდებდი, რაზეც შამბეშოვმა უხეშად მომთხოვა. მე და გიორგი ყუშიტაშვილი წრეში მოგვაქციეს და უნდოდათ დავეშინებინეთ. გამომართვეს ტელეფონი,მოხსნეს დამცავი, დაათვალიერეს და შემდეგ თქვეს, რომ ასეთი ტელეფონი არ სჭირდებოდათ, რადგან ლომბარდი საკმარის თანხას ვერ გადაუხდიდა. ამის შემდეგ სთხოვეს გიორგი ყუშიტაშვილს,"-წერია კიდევ ერთი მოწმის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

ყველა მოწმის ჩვენება თითქმის იდენტურია. დაკითხულები ასახელებენ, რომ ყველაზე მეტად გიორგი შამბეშოვთან ერთად გიორგი წიწილაშვილი აქტიურობდა. ის წარსულში ძალადობის მუხლითაც ნასამართლევია. "კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება 21 წლის წიწილაშვილს ქალზე ძალადობას ედავებოდა. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ გაამტყუნა.

"კურიერმა" ასევე მოიპოვა იმ ტაქსის მძღოლის ჩვენებაც, რომელმაც გარდაცვლილის მობილური დაალომბარდა. გელა დავითაშვილის საეჭვო კავშირით ამ საქმეში გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტაქსის მძღოლის სახელითა და გვარით რამდენიმე ტელეფონია დალომბარდებული. ყველა შემთხვევაზე დავითაშვილი ამბობს, რომ დახმარება მგზავრებმა სთხოვეს, რომლებსაც არ იცნობს.

"3 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, გამაჩერა ოთხმა ახალგაზრდამ. ერთ-ერთმა მკითხა, ხომ არ მქონდა თან პირადობის მოწმობა. სურდა მობილურის დალომბარდება. რაზეც დავთანხმდი. ასევე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული მობილურის გარდა რამდენიმე დღის წინ დავალომბარდე კიდევ ერთი ტელეფონი, რომელზეც დახმარება ერთ-ერთმა კლიენტმა მთხოვა. მისი სახელი და გვარი არ ვიცი. დალომბარდება მანაც მთხოვა იმ მიზეზით, რომ პირადობა თან არ ჰქონდა," - წერია მძღოლის ჩვენებაში.

ექვსივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება გრძელდება. უკვე დაკითხულია გარდაცვლილის დედაც. მხარეები ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

დღის ამბები