20 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
გიორგი ქობულია შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს - ყოფილი მინისტრი თანაგუნდელებს ეძებს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც მხოლოდ პოსტიდან წასვლის შემდეგ გააქტიურდა, უკვე პარტიის შექმნაზე ფიქრობს.

ნულოვანმა ბარიერმა პარლამენტში მოხვედრის იმედი ბევრს გაუჩინა. მათ რიცხვს გიორგი ქობულიაც მიეკუთვნება, თუმცა ექსმინისტრს საკანონმდებლო ორგანოში 2-3 კაცით შესვლა არ ხიბლავს.

გიორგი ქობულიას თქმით, ის პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ძლიერ გუნდს შექმნის:

"ვცდილობ, შევიკრიბოთ თანამოაზრეების გუნდი. ჩვენი საუკეთესო განვითარების გზა არის დასავლური ორიენტაცია, მაგრამ ამავე დროს უნდა გვქონდეს დაბალანსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან," - აცხადებს ქობულია.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი არ ასახელებს,  ვისთან გადის კონსულტაციას. 

პარლამენტში კი უკვე გამოჩნდნენ დეპუტატები, რომელთათვისაც მასთან თანამშრომლობა საინტერესოა. მათ შორისაა ლევან კობერიძე, რომელმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ ქობულია პარლამენტში, განხილვაზე მიიწვია:

"მსგავსი ტიპის საკმაოდ პრინციპული და პროფესიონალი ადამიანების გამოჩენა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტისთვის ძალიან დადებითი მოვლენა. თუკი ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვარ, მასთან გავიარო გარკვეული თემები," - განაცხადა კობერიძემ.

ქობულიას შესაძლო პარტნიორები უცნობია, მაგრამ უკვე გაირკვა,  ვის გვერდით არ ვიხილავთ ყოფილ მინისტრს. ქობულიასთან თანამშრომლობას არ აპირებს მამუკა ხაზარაძე.

ანა დოლიძე ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ადასტურებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ქობულიასთან ერთ გუნდში არ იქნება, თუმცა თანამშრომლობა შესაძლებელია.

გიორგი ქობულია დღემდე "ქართული ოცნების" ერთადერთი მინისტრია, რომელმაც ღიად თქვა, რომ თანამდებობიდან გაუშვეს. მაშინ ქობულია თავის საქმიანობაში გარეშე პირების ჩარევაზე საუბრობდა. თანამდებობიდან წასვლის 5 თვის თავზეც ქობულია დუმილს ინარჩუნებს და არ ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ მას ხელს უშლიდნენ.

დღის ამბები