19 აპრილი 2024,   22:36
ვრცლად
"ნატოს" წარმომადგენლები საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობენ

ბათუმში დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტი დაიწყო.

საქართველოში იმყოფებიან  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები.

"ნატოს" დელეგაციის ჩამოსვლამდე ბათუმის აეროპორტში შეფასება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტოა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წელს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ასევე დღეს ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ჩამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მეხუთედ ესტუმრა.

ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან - ეს იყო მთავარი გზავნილები, რომლებიც ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოდან გააჟღერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოთმიულერმა საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.

როუზ გოთმიულერმა ისაუბრა არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

კრემლის მუქარა როუზ გოთმიულერისთვის სიახლე არ არის. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მოსკოვს უპასუხა და კიდევ ერთხელ შეახსენა ვალდებულება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნატო შეშფოთებულია  შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით და ამიტომ ნატოც აძლიერებს თანამშრომლობას ნატოსა და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით შავი ზღვის რეგიონში, ამიტომ ვაძლიერებთ თანამშრომლობას ნატოსა და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის,"- განაცხადა როუზ გოთმიულერმა.

შავ ზღვაში მოსკოვის გაძლიერებულ პოზიციებზე ისაუბრა საქართველოს  პრემიერ- მინისტრმაც. გახარია თვლის, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ უსაფრთხოებისთვის ორმხრივი ზომებია მისაღები.

"ნატოსგან" დადებითი შეფასების გარდა საქართველომ გარკვეული რეკომენდაციებიც მიიღო დემოკრატიზაციის, თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილში, ამ ფაქტს არც საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს, თუმცა ნატოსგან მიღებულ შენიშვნებს არ აკონკრეტებს.

საარჩევნო რეფორმისა და სამართლიანი არჩევნების, როგორც დემოკრატიის გაძლიერების  მნიშვნელოვანი ფაქტორის, მნიშვნელობას გაუსვა ხაზი აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა "ნატოში" ქეი ბეილი ჰათჩისონმა:

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რეფორმების მიმდინარეობას. გვაინტერესებს არის თუ არა წინსვლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა და სამართლიანი არჩევნები. ეს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ცხადია, რომ თქვენ დამოუკიდებელი სასამართლო უნდა გქონდეთ. ხშირად ვამბობთ, დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს, რომ მთვარობამ შესაძლოა სასამართლო პროცესი წააგოს. თავისუფალი სასამართლო ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის. კონტრაქტების განხილვისას სამართალმა უნდა გაიმარჯვოს. ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას ნიშნავს. ეს რეკომენდაციები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვისაცაა მნიშვნელოვანი. ყველა ქვეყანა სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. ნატოს წევრი რომ გახდე, უნდა გქონდეს ჭეშმარიტი დემოკრატია, სამართლიანი სასამართლო და თავისუფალი პრესა,“- განაცხადა ჰათჩისონმა.

საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ინტერესის სფეროში მოექცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის მოლოდინები და 2018 წლის არჩევნების მათეული შეფასება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის თქმით, საუბარი შეეხო უბარიერო არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ რისკებსაც. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამარ კინწურაშვილის თქმით, მისი საუბრის თემა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან მედიაში არსებული ვითარება იყო, მათ შორის სამართლებრივი დავები ტელევიზიის დირექტორების მიმართ.

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია შეხვედრის დროს "ნატოს" წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად ნატოს სრული მხარდაჭერა და ჩართულობაა საჭირო.

დღის ამბები