16 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში - დელეგაციამ საქართველო ახალი რეკომენდაციებით დატოვა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი ბათუმში - 2 დღიანი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტის მეორე დღის მთავარი თემა ის პოლიტიკური გზავნილები იყო, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთის მისამართით გააჟღერეს. როუზ გოტმიულერის შეხვედრა ოპოზიციასთან და უმრავლესობასთან საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამხედრო და საგარეო კუთხით ქვეყნის მხარდაჭერის გარდა, სტოლტრენბერგის მოადგილის გამოსვლაში პოლიტიკური აქცენტებიც იყო. 

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის რეკომენდაციას, რომელმაც დაპირისპირებულ მხარეებს ფაქტობრივად თანამშრომლობისკენ მოუწოდა, დარბაზში ერთად ისმენდა ოპოზიციაც და უმრავლესობაც. დეპუტატებმა გოტმიულერს ინფორმაცია თავადაც მიაწოდეს.

პოლარიზებული გარემო იყო ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დახურულ შეხვედრაზე "ევროპულმა საქართველომ“ ისაუბრა. ალიანსისგან მხარდაჭერის გაღრმავება იყო მმართველი გუნდის მოთხოვნა. საგანგებო მისიით იყო ჩასული ბათუმში "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი.

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება. ალიანსისთვის განსაკუთრებით ღირებულია სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობა.

2020 წლისთვის ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არსებითი პაკეტი უნდა გაძლიერდეს. იწყება უფრო აქტიური თანამშრომლობა სამხედრო და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.

ვიზიტი ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ პრეზიდენტთან შეხვედრით დაასრულა. სალომე ზურაბიშვილმა როუზ გოტმიულერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასთან, ქვეყნის დეოკუპაციასთან და რუსულ საფრთხეებთან ერთად, კიდევ ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა, დემოკრატიზაციის გაძლიერება იყო, ანუ რეფორმები, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნატოში გაწევრიანების გზაზე. დელეგაციამ საქართველო ახალი რეკომენდაციებით და ახალი მოლოდინით დატოვა. 

 

დღის ამბები