26 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
კახიძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე: მოვუწოდებთ პოლიციას, გამოიკვლიონ დაზარალებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, გამოიკვლიონ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე პოტენციური ბრალდებულის გარემოცვა შესაძლოა დაზარალებულზე ზეწოლას ახდენდეს.

როგორც კახიძემ განაცხადა, გამოძიებამ უმოკლეს ვადაში უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი.

"გვინდა მოვუწოდოთ პოლიციას, რომ დაუყოვნებლივ, გაჭიანურების გარეშე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს. ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებულის ოჯახთან კომუნიკაცია სცადა პოტენციური ბრალდებულის მეგობარმა და ეს ინფორმაცია საჭიროებს დამატებით მოკვლევას, ვინაიდან ეს არის ზეწოლის მცდელობა მოწმეზე, დაზარალებულზე, რაც არის ცალკე დანაშაული და ამ ყველაფერს ცალკე გამოძიება სჭირდება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერი მსგავსი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი.

"ჩვენთვის მიუღებელია დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად მუშაობს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია შემცირდეს. მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხება სახელისუფლებო გუნდის წევრს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გარდა ამისა, დღეს პოლიციაში გამოიკითხა პიროვნება, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს გარიგებას სთავაზობდა. თავად ჯიშკარიანი გულის შეტევით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

 

 

დღის ამბები