25 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
„მე თქვენ ხმას არ გაძლევთ"- პარლამენტში მოსამართლეობის მსურველ მაია ვაჩაძეს 6 საათზე მეტია, უსმენენ

პარლამენტში მოსამართლეობის მსურველ მაია ვაჩაძეს უკვე 6 საათზეა მეტია, უსმენენ. ის რიგით მე-6 მსურველია, რომელიც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. დიდი ალბათობით, მაია ვაჩაძის კანდიდატურას ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა არ ექნება. ამის შესახებ მათმა ნაწილმა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს განაცხადა. 

დეპუტატების კითხვები წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომაროებას შეეხებოდა. პარლამენტის წევრი, ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, ხდებოდა თუ არა ყველაფერი სასამართლოში, როგორც ეს მაშინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს სურდა.

“ზურა ადეიშვილს რაც უნდოდა, ეს სასამართლოში ხდებოდა თუ არ ხდებოდა? მარტივად მითხარით. თქვენი აზრით, მაშინდელ ხელისუფლებას და პიროვნულად მიშა სააკაშვილს, რამდენად ჰქონდა იმის პოლიტიკური ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე?“ - მიმართა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

ფოფხაძემ მას ღიად განუცხადა, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს და ამის მიზეზი თავად მაია ვაჩაძის პასუხებია.

„მე თქვენ ხმას არ გაძლევთ, თქვენი პასუხი მე არ მაძლევს მაგის საშუალებას,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მოსამართლეობის კანდიდატს რომ მხარს არ დაუჭერს, ამის შესახებ განაცხადა ასევე პარლამენტის წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც.

„ბატონო ლევან, სანამ დაამთავრებთ თქვენს მონოლოგს, მე მინდა გითხრათ, რომ მარგარეტ ტეტჩერს აქვს ასეთი გამონათქვამი, მე პასუხს ვაგებ ჩემს გამონათქვამებზე, არა შეფასებებზე. თქვენ უკვე დამადეთ ჯვარი გულზე და არ არის სწორი,“ - უპასუხა ლევან გოგიჩაიშვილს მაია ვაჩაძემ.

მაია ვაჩაძეს კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემაც.  

„იმ ათკაციან სიასთან დაკავშირებით, თვლით თუ არა, რომ ის ყველაფერი, რაც გაკეთდა ერთის მხრივ სასამართლოს მხრიდან, მეორეს მხრივ პარლამენტის უმრავლესობის წევრების მხრიდან, ამან დააზიანა თუ არა უზენაესი სასამართლოს რეპუტაცია და იმიჯი?“ - მიმართა კობერიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

მაია ვაჩაძემ ამ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ათკაციანი სიის წარდგენა პროცედურების გაწერით მომხდარიყო. 

„ის იყო კანონიერი აქტი, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, მიზანშეწონილი იქნებოდა და უფრო წაადგებოდა როგორც სასამართლოს, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, პროცედურების გაწერითა და დაცვით მისი წარდგენა,“ - განაცხადა მაია ვაჩაძემ

დღის ამბები