19 აპრილი 2024,   04:26
ვრცლად
ეჭვმიტანილი პოლიციელები და დადეშელის ლიკვიდაციაში აღებული 12 000 დოლარი

ცნობილი გახდა, რომ რუსთავში მტკვრიდან გამორიყული მამაკაცის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც დავალებებს კრიმინალური სამყაროსგან იღებდნენ.

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 36 წლის მამაკაცის სასტიკად ნაწამები ცხედარი რუსთავში მტკვარმა გამორიყა. ზურა დადეშელს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ყელის არეშიც.

მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, თუმცა "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, დადეშელის მკვლელობის მთავარი მიზეზი მის მიერ ე.წ "ქურდული ობშიაკის" მითვისება იყო. მისი მკვლელობა კი ესპანეთში დაიგეგმა.

ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ძალოვანმა უწყებამ 5 პირი დააკავა, მათ შორის სამი პოლიციელია, აქედან ორი -  მიხეილ ღუბიანური და დავით მიროტაძე მოქმედი თანამშრომლები არიან და დაკავებამდე რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილებაში მუშაობდნენ, დიმიტრი დუღაშვილი კი რამდენიმე თვის წინ სამსახურეობრივი გადაცდომის გამო გაათავისუფლეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ესპანეთში დაგეგმილი მკვლელობის სქემის მიხედვით, პოლიციელებს დადეშელი მოტყუებით მანქანაში უნდა ჩაესვათ და რუსთავში კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებთან  მიეყვანათ, სადაც მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ. წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ამაში სოლიდური თანხა - 12 000 დოლარი აიღეს. 

"კურიერის" ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც სამართალდამცველებმა დადეშელი მიუყვანეს, გიორგი შონიაა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. შონიასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელსაც გამოძიება ამ დრომდე ეძებს და ის დაკავებული პოლიციელის, დურაშვილის, სიძეა.

კიდევ ერთი დაკავებული გიორგი გეთაშვილი, დადეშელის მეგობარია. ბოლო სატელეფონო კონტაქტი მოკლულს სწორედ მასთან ჰქონდა. ამ დროისთვის, გეთაშვილი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაა დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირველ ჩვენებაში პოლიციელების მონაწილეობა არ ჰქონდა დაფიქსირებული.

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე არ საუბრობენ მოკლული ზურაბ დადეშელის ოჯახის წევრები და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. ცხედარი გუშინ გვიან ღამით პროზექტურიდან სურამში, დადეშელის სახლში, გადაასვენეს.

"კურიერის" წყაროს ინფორმაციით, ზურაბ დადეშელმა წინასწარ იცოდა, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა,  სწორედ ამიტომ, მოკლული იარაღით გადაადგილდებოდა. ცხედრის პოვნისას სამართალდამცავებმა მისი კუთვნილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები