25 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
თამთა თოდაძის მიერ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

საავადმყოფოში რჩება თანაშემწის მიერ სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატი. საკრებულოს ისნის მაჟორიტარს გულის შეტევა აქვს. ამ საქმეზე ათამდე მოწმე უკვე დაიკითხა. ილია ჯიშკარიანის ბიუროში დღეს "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ინციდენტის დღეს ალკოჰოლურ სასმელს ნამდვილად სვამდნენ, თუმცა მომხდარზე არავინ საუბრობს. თავის მხრივ "კურიერს" დაზიანებები აჩვენა დღეს დეპუტატის თანაშემწემ, რომელიც გამოძიებისგან დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

როგორც თამთა თოდაძე ყვება, ეს დაზიანებები სასწრაფოს ექიმებმა საკუთარ დასკვნაშიც აღწერეს და დოკუმენტი საქმეში დევს. სწორედ სასწრაფოს ექიმებმა ნახეს პირველებმა თოდაძე საკრებულოს დეპუტატთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება თოდაძემ სამსახურიდან სახლში დაბრუნებისთანავე გამოიძახა.

ისნის სამაჟორიტარო ბიუროს თანამშრომლები თოდაძისგან განსხვავებულ ვერსიას ყვებიან. ისინი, სამუშაო საათების მიუხედავად, ინციდენტის დროს ოფისში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ტექნიკა თავად თამთა თოდაძემ დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები  დეპუტატის ინტერესს ღიად იცავენ, მათ "კურიერთან" საუბრისას ვერ უარყვეს, რომ იმ დღეს ალკოჰოლურ სასმელს ოფისში ნამდვილად სვამდნენ და რომ დეპუტატს ბიუროში ნამდვილად ჰყავს დასაქმებული თავისი ახლო გარემოცვა.

სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეში ახალი ფიგურანტი - შუამავალი გამოჩნდა. როგორც თოდაძის ოჯახის წევრები ყვებიან, მათთან მოსალაპარაკებლად ილია ჯიშკარიანის მეგობარი და მეზობელი - მამუკა ფეიქრიშვილი მივიდა.

გამოძიებას გამოკითხული ჰყავს სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც. ამ დრომდე თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს და არც დეპუტატისთვის წარუდგენიათ ბრალი.

მთავარი ბრალდებული ილია ჯიშკარიანი კლინიკაში სამი დღის წინ გულის შეტევით მიიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება. მას ინციდენტის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები