24 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
წყალტუბოში დევნილები კორპუსებში ბუნებრივი აირის ჩაჭრას აპროტესტებენ

წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კორპუსებში ბუნებრივი აირის ჩაჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, შენობის არასწორად დაპროექტების მიზეზით კომპანია "სოკარმა" 48 ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუზღუდა. ადგილობრივებისთვის კომპანიის არგუმენტები გაუგებარია. დასახლებაში, სადაც აქცია გაიმართა, სამასზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

"დასახლებაში 50 ოჯახს ადგნენ და გაზი ჩაუჭრეს. "სოკარი" ალბათ თავის თავში მართალია, გახშირებული სიკვდილიანობაა გაზის გამონაბოლქვით და საერთოდ გაზიდან და ეუბნება, რომ ამ პირობებში არ შეიძლება. ხელისუფლებამ როცა ააშენა და გასცა მაშინ შეაყვანინა. დღეს დადგა სიტუაცია, რომ გაზი ჩაუჭრეს 50 ოჯახს," - განაცხადა გოგი წულაიამ.

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა იმრავლა, "სოკარის" წარმომადგენლებმა 48 ოჯახს გაზის მიწოდება შეუჩერეს.

"თბილისში რომ მოხდა დიდი აფეთქებები, იმის შემდეგ ჩამოიარეს და გვითხრეს, რომ ევრო სტანდარტის სარკმელები გააკეთეთ. ხალხმა უკანასკნელი ფული გაიღო, გააკეთეს ერთოთახიანებმაც და ოროთახიანებმაც. ახლა კიდევ აფეთქება რომ მოხდა, ზესტაფონში თუ თერჯოლაში, მოვიდნენ და ერთოთახიანებს გაუთიშეს გაზი, არის 48 ოჯახი," - აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

კომპანიის თანამშრომლების განმარტებით, მოსახლეობას გაზის მიწოდება, გეგმიური სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო შეუწყვიტეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს კი მითითებები მისცეს, თუ როგორ უნდა აღმოეფხვრათ აღნიშნული დარღვევები.

"გადაწყვეტილების მიღება მოხდა ჩვენი საექსპლუატაციო საავარიო სამსახურის მიერ მორიგი შემოვლის დროს გეგმიურ გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე. ეს გაკეთდა ისევ იმათ სასარგებლოდ. აღნიშნულის საქმის კურსში ჩაყენებულ იქნა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა, ჩაყენებულ იქნა საქმის კურსში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მიეცათ მათ მითითებები, როგორ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრა. აღმოფხვრის შემთხვევაში კიდევ შევა ჩვენი საავარიო სამსახური და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

დღის ამბები