20 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
"სახიფათო ბიუჯეტი" - ოპოზიციის მტკიცებით, 2020 წლის საფინანსო დოკუმენტი ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას გამოიწვევს 

 "ქართული ოცნების" ნაწილი 2020 წლის ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სრულყოფილი არ არის და მუშაობა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. არსებული ხარვეზების გამო აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ ბიუჯეტის კენჭისყრაზე დაყენებაზე უარი თქვა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ მათთან კონსულტაციები შედგეს და ბიუჯეტის პროექტი განახლებული ციფრებით შევიდეს კომიტეტზე. პოპულისტურს და, ამავე დროს, სახიფათოს უწოდებს ბიუჯეტს ოპოზიცია.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ ამ ბიუჯეტის მიღება ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.   

"ეს არის ძალიან სახიფათო ბიუჯეტი, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ფასების ზრდას და ლარის შემდგომ გაუფასურებას. ეს არის უპასუხისმგებლო ბიუჯეტი, იზრდება 1,1 მილიარდით და ძირითადი ზრდის წყარო არის საშინაო ვალი. ფაქტობრივად, ვალების ჭაობში ფლობენ ქვეყანას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა შიდა რესურსით ვერ განვითარდება და ერთადერთი საშუალება უცხოური ინვესტიციებია.

"სოფლის მეურნეობას ეშველება იმ შემთხვევაში, თუ იქნება უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში, თუ იქნება ფერმერული განვითარება. ამის ხელშემშლელი თვითონაა "ქართული ოცნება" თავისი ძალიან ბევრი რეგულაციით, რომელიც, მათ შორის, მიწასთან დაკავშირებით შემოიღო,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ციფრები რამდენიმე კრიტიკული მიმართულებით უნდა გადაიხედოს.

"კომიტეტის პოზიცია გახლავთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც ციფრები უნდა გადაიხედოს. არის რამდენიმე კრიტიკული მიმართულება, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობის პროგრამები, მოსავლის ასაღები ტექნიკის შესყიდვის მიმართულებით გამოყოფილი თანხები, რომელიც 35-ის ნაცვლად 5 მილიონია. მინიმუმ ის კრიტერიუმები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომელიც, ვფიქრობთ, რომ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის,"- განაცხადა დანელიამ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები არ შეიცვლება.

"ჩვენ მზად ვართ ყოველთვის კონსულტაციებისთვის. რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრებში ჩვენ ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას თუ ეს სურვილი იქნება, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაღაცა მნიშვნელოვანი რესურსის გადანაწილება ნამდვილად ვერ მოხდება. შეიძლება რაღაცა მცირედის შემცირების ხარჯზე რაღაცა მცირედით გაიზარდოს, თუმცა, ის დიდი თემები, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ, - პენსიების და მასწავლებლების ხელფასების ნაწილი, არ გადაიხედება,"- განაცხადა კაკაურიძემ. 

დღის ამბები