19 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების მოთხოვნას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება იყო დილიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები ქვეყნის გენერალურ პროკურორს უსმენდნენ.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სხდომაზე შეყვანას "ნაციონალური მოძრაობის" კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვდა. პარტიის ამ მოთხოვნას, იურიდიულ კომიტეტზე მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაეშვათ, დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

ნახევარსაათიანი დაპირისპირების და საჯარო განცხადებების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შეუშვეს. 

ხმაური საკომიტეტო დარბაზთან გაგრძელდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუშვეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც მას გენპროკურორისთვის კითხვების დასმა სურდა. შვილმოკლულ მამას დარბაზის აივანზე განთავსება შესთავაზეს, რაზეც მაჩალიკაშვილმა უარი განაცხადა.  

მალხაზ მაჩალიკაშვილის მსგავსად, კომიტეტზე დასწრება და თადუმაძისთვის კითხვების დასმა სურდათ დღეს მოძრაობა "შეცვალეს" წევრებს და სამოქალაქო აქტივისტებს. მათი აქცია პარლამენტში შალვა თადუმაძის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.

სანამ აქტივისტების ნაწილი დარბაზში შესვლას უშედეგოდ ელოდებოდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობის გარეთ. აქაც მთავარი მოთხოვნა პარლამენტში დაშვება და თადუმაძესთან შეხვედრა იყო. ბოლოს აქციის მონაწილეებთან შესახვედრად დეპუტატი გედევან ფოფხაძე მივიდა.

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები დეპუტატებს ქუჩიდან მოუწოდებდნენ საპარლამენტო კენჭისყრების დროს არ დაუჭირონ მხარი თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე. მათი მთავარი კითხვებიც პროკურორის კომპეტენციას და ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ეხებოდა.

დღის ამბები