25 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
"ტორპედოში" ფინანსური მდგომარეობა უარესდება - ფეხბურთელები გაფიცვას იწყებენ

ხანგრძლივი ფინანსური სირთულეების ფონზე ქუთაისის "ტორპედოში" კრიზისმა პიკს მიაღწია. არსებობს თუ არა რესურსი კლუბის ფუნქციონირებისთვის? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დღეს ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბს შეხვდნენ. მალევე გავრცელდა განცხადება, რომ სპორტსმენები ვარჯიშზე და შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. 

ფეხბურთელების გარდა, მწვავე პრობლემების არსებობაზე "კურიერს" კლუბის საწვრთნელი ბაზის ტექნიკური მენეჯერიც უყვება. მისი თქმით, 30-მდე სპორტსმენიდან ქუთაისში მცხოვრები მხოლოდ ოთხია. შესაბამისად, ვინც შეკრებებზე სხვა ქალაქებიდან ჩადის, ცხოვრებისა და ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობები სჭირდება.

"ტორპედოში" ფინანსური მდგომარეობა რამდენიმე თვეა ეტაპობრივად უარესდება. კრიზისის ფონზე ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა, რომ კლუბის მფლობელთან, ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა. ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს და სასამართლოში დავობს. დავის გახანგრძლივება კლუბის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს და ამას მერიაშიც ადასტურებენ.

უმაღლესი ლიგის სეზონი, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის "ტორპედომაც" უნდა მიიღოს, 10 დღეში განახლდება. შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები მატჩებისთვის მომზადებას და თამაშს, კლუბის მოქმედ ხელმძღვანელობასა და ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ ეტაპზე შეფასებებისა  და პროცესში ჩარევისგან თავს იკავებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

დღის ამბები