25 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
"გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ჩემთვის ნიშნავს უსაფრთხო ადგილს საცხოვრებლად" - ლეილა მუსტაფაევა

ახალი დეტალები აფგან მუხთარლის საქმეზე. გატაცებული ჟურნალისტის მეუღლემ და მისმა ადვოკატმა დღეს ახალ გარემოებებზე ისაუბრეს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საპატიმროში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საგანგაშოა.

გარდა ამისა, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მათ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის თქმით, ეს მისთვის პირველ რიგში, უსაფრთხო საცხოვრებელს ნიშნავს. როგორც ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში დარჩენა საფრთხის შემცველი იყო. 

"გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება, ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს უსაფრთხო ადგილს საცხოვრებლად. თქვენ იცით, რომ საფრთხის შემცველი იყო აზერბაიჯანში ცხოვრება და საქართველოში დარჩენაც. ორი ქვეყნის მთავრობა ერთად მოქმედებდა და ისევ მოქმედებს. სხვაგვარად, რთული იქნებოდა ადამიანის გატაცება და მეორე მხარისთვის გადაცემა. ეს ყველაფერი გადაწყდა მაღალი თანამდებობის პირების დონეზე. საქმის გამოძიება არ სურთ, რადგან ჩემმა მეუღლემ კარგად იცის, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში და ყველაფერის მარტივად გარკვევა არის შესაძლებელი. მე არ მაქვს კითხვები, მე მივმართავ პარლამენტს, რომ ჰქონდეთ სურვილი, ამ საქმეზე გამოძიება დამთავრდეს“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იურისტის, ადვოკატ, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე ეფექტური გამოძიება არ განხორციელდა. 

"პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გერმანიაში მე ვფიქრობ, გარკვეულწილად იმას ნიშნავს და კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ ჩვენთან, ფაქტიურად, ამ საქმეზე არ მომხდარა ეფექტური რეაგირება და ეფექტური გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გარემოება და ევროსასამართლოს ვაცნობეთ ამ ფაქტის შესახებ“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

 

დღის ამბები