12 დეკემბერი 2019,   22:28
ვრცლად
"ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას" - სპორტის განვითარების დეპარტამენტი

მკლავჭიდში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლევან საგინაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს, სპორტის განვითარების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. 

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2018 წელს, ლევან საგინაშვილმა საქართველოს ნაკრების სახელით, მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისი თქმით, ორივე ტურნირზე გამარჯვების სანაცვლოდ, სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია მიიღო. 

სპორტის განვითარების დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ 2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა. 

"ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია. 2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ, მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად. სამინისტრო, მკლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას," - აცხადებს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. 

დღის ამბები