24 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
სასულიერო პირები დავით გარეჯში ტურისტებისა და მომლოცველების გარეშე მონასტერში ლოცვას არ თანხმდებიან

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ნაწილი ისევ ჩაკეტილია. გახარია-ალიევის შეხვედრის პირველი შედეგის მიუხედავად სადავო ტერიტორიამდე მისვლა სამღვდელოებისთვის ნაწილობრივ მაინც შეზღუდულია. სასულიერო პირები ტურისტებისა და მომლოცველების გარეშე მონასტერში ლოცვას არ თანხმდებიან, ქართველ მესაზღვრეებს გზის გახსნის ბრძანება კონკრეტულ ადგილებზე ჯერ არ მიუღიათ. 

სასულიერო პირების ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მსახურობს თითქმის ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ უდაბნოს ტაძრის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ. სამღვდელოება ადგილის მოსალოცად უკვე გარეჯის ტერიტორიაზე იმყოფება. როგორც ქართველი მესაზღვრეები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, უდაბნოს ტერიტორიაზე ამჟამად მამა პავლე იმყოფება, ხოლო, რაც შეეხება ჩიჩხიტურის ტაძარს, აქ ქართველ მესაზღვრეებს ბრძანება სასულიერო პირების შეშვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღიათ.

მოლაპარაკებები დავით გარეჯის მიწებთან დაკავშირებით ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაახლოებით 6 თვეა გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებების დაახლოებით 20 რაუნდი გაიმართა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე თავის პოზიციას ამ დრომდე არ თმობდა. შეგახსენებთ, რომ შეთანხმება სასულიერო პირების სადავო ტერიტორიაზე შესვლასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გუშინ მიაღწია.

რაც შეეხება გიდებისა და ტურისტების შეშვებას, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას.

 

დღის ამბები