28 მარტი 2020,   12:34
ვრცლად
"5 წუთის წინ ვიმგზავრე ტაქსით და ტარიფი არ გაზრდილა"- თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი

კერძო კომპანიებში დარეგისტრირებული ტაქსების ტარიფები დარეგულირდა - ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ტაქსებზე განხორციელებული რეფორმა წარმატებულია.

"რეფორმა არის შემდგარი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, არის წარმატებული. თქვენ ახსენეთ, რომ გამოიწვია ფასის ზრდა, ტაქსის დეფიციტია. მე გადავამოწმე 5 წუთის წინ, გამოვდიოდი კონკრეტულ მისამართზე, რაც შეიძლებოდა ტარიფი შემოეთავაზებინა აპლიკაციის შესაბამისად ტაქსის კომპანიას, შემომთავაზა იგივე ტარიფი, რაც იყო მანამდე,"- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამდენი უკმაყოფილო ტაქსის მძღოლის არსებობა მიუთითებს თუ არა რეფორმის ჩავარდნაზე, მუმლაძემ აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა მცირეა და ის მძღოლები არიან, რომლებმაც მანქანა დროულად ვერ მოაწესრიგეს. 

"28 ათასში და 30 ათასში 100 ფონს ვერ ქმნის, იმიტომ რომ ესენი არიან მძღოლები, რომლებმაც ვერ მოაწესრიგეს ავტომობილი, ტექინსპექტირება ვერ გაიარეს და არ აკმაყოფილებენ იმ ნორმას, რომ ან A კატეგორიაში მოხვდნენ, ან B კატეგორიაში,"- განაცხადა მუმლაძემ.

შეგახსენებთ, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ძალაში პირველ ოქტომბერს შევიდა. ტაქსი A და B კატეგორიებად დაიყო. A კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერისაა და B კატეგორიისგან განსხვავებით, აქვს ტაქსის ნიშანი. მათ, ასევე, შეუძლიათ მგზავრების ქუჩიდან აყვანაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები