20 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
5 ახალი მოწმე დაიკითხა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების კიდევ 5 მოწმე დაიკითხა. საუბარია ხორავას ქუჩის მაცხოვრებლებზე, რომლებმაც მკვლელობის დღე გაიხსენეს.

ადვოკატის განმარტებით, მოწმეების ჩვენებები ბუნდოვანია და მიაჩნია, რომ ინციდენტის შესახებ დეტალებზე შეგნებულად არ საუბრობენ. პროკურორის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები პირველი დეკემბრის მკვლელობას რეალურად ასახავს და მიხეილ კალანდიას ბრალეულობას ადასტურებს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა მოწმეებს მეორეხარისხოვან მოწმეებადაც კი არ აღიქვამს.

"დღევანდელი მოწმეეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სალაპარაკოდაც არ ღირს, ყველა მოწმე მეორე კი არა ზედმეტად მეათეხარისხოვანი იყო. ინფორმაცია მხოლოდ მოსმენილი რომ აქვთ, არინ ისეთი მოწმეებიც, რომლებმაც ყავის სმის დროს აივნიდან გადმოიხედეს, მაგრამ ვერც ერთი მოწმე ვერ აღწერს იმ პროცესს, რა მოხდა," -  განაცხადა კალანდიას ადვოკატმა.

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა კი ფიქრობს, რომ მოწმეთა ჩვენებები მნიშვნელოვანია.

"ეს მოწმეები გახლდნენ უშუალოდ ხორავას ქუჩა ნომერ ოთხის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც უშუალოდ პირდაპირ ხედავდნენ შემთხვევის დროს მომხდარ კონფლიქტს. მოწმეების მიერ მოყოლილი ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულ მ.კ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსსში ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტებს," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები