19 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
"ფილიპ მორისის" საქმე - მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძეს ყველაზე მეტი კითხვა მის მიერ განხილულ საქმეზე დაუსვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვლადიმერ კაკაბაძის მოსმენაზე პოლიტიკური ნაწილი უკვე დასრულებულია. საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ყველაზე მეტი კითხვა დაისვა ფადი ასლისა და "ფილიპ მორისის" დავაზე, რომელი საქმეც ვლადიმერ კაკაბაძემ განიხილა და "ფილიპ მორისს“ სოლიდური ჯარიმაც დააკისრა.

პარლამენტში დასმული კითხვების უმეტესობა სწორედ "ფილიპ მორისის" საქმეს უკავშირდებოდა. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინა ბოკუჩავამ კაკაბაძეს მიმართა და განაცხადა, რომ "ფილიპ მორისის" საქმემ საქართველოს საინვესტიციო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონია. 

"ბატონო ვლადიმერ, ძალიან გამიკვირდა თქვენს ერთ-ერთ მიღწევად "ფილიპ მორისის" საქმე რომ დაასახელეთ, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ამ საქმემ, მათ შორის, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ისეთი ორგანიზიციები, როგორიც არის freedom house, პირდაპირ საუბრობენ, რომ ამ საქმემ იქონია ძალიან უარყოფითი გავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი ეკონომიკური კრიზისია საქართველოში,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თინა ბოკუჩავას მიერ მოყვანილ განცხადებას "სიბეცე" უწოდა.

"აბსოლუტური სიბეცეა ის განცხადება, თქვენ რომ მოიყვანეთ... ეს განცხადება ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში... მე ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი მოსაზრება გამოვთქვა და რატომ ავხსნი. გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში, ზემდგომმა ინსტანციამ გააუქმა. მის უარყოფით შედეგებზე საუბარი არის აბსოლუტური სიბეცე, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი,“ - განაცხადა ვლადიმერ კაკაბაძემ ბოკუჩავას საპასუხოდ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა, იქონია თუ არა გავლენა "ფილიპ მორისის" საქმემ ვლადიმერ კაკაბაძის, როგორც მოსამართლის, საჯარო რეპუტაციაზე.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ საქმემ თქვენზე როგორც მოსამართლის საჯარო რეპუტაციაზე, აღქმაზე, რაიმე ზეგავლენა მოახდინა?“ - მიმართა კითხვით კაკაბაძეს ნინო გოგუაძემ.

დღესვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. საუბარია ფადი ასლის სარჩელზე, რომელიც პატივისა და ღირსების შელახვას უკავშირდება.

ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელის საფუძველი საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან მოსამართლე ​კორუმპირებულად მოიხსენია. ვლადიმერ კაკაბაძემ პატივისა და ღირსების შელახვისთვის ფადი ასლის სასამართლოში უჩივლა.

ორმა ინსტანციამ ის გაამართლა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სწორედ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ გეგმავს ვლადიმერ კაკაბაძე ევროსასამართლოში სარჩელის შეტანას. 

"ქალბატონო ნინო, მე ერთ საიდუმლოს გავაჟღერებ ახლა, თქვენი შეკითხვის პასუხად, რომ  გადაწყვეტილი მაქვს ევროპის სასამართლოს მივმართო ამ საკითხთან დაკავშირებით.  ამ გადაწყვეტილების შედეგები ჩემს რეპუტაციაზე, ზოგადად სასამართლო სისტემაზე, სამართლის განვითარებაზე როგორ იმოქმედებს, ამაზე მოდით უფლებას ვიტოვებ, რომ პასუხი გავცეთ მაშინ, როდესაც ევროპის სასამართლო იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას,“ - აცხადებს ვლადიმერ კაკაბაძე.

ამავე საკითხზე დაუსვა კითხვა ვლადიმერ კაკაბაძეს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

"თუ გაგიგიათ, რომ რომელიმე ქვეყნის საკასაციო ინსტანციის  სასამართლოს მოსამართლე თავის ქვეყნის წინააღმდეგ ატარებს სამართლებრივ დავას ევროსასამართლოში, შეაქვს სარჩელი ევროსასამართლოში“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ, რაზეც კაკაბაძემ განმარტა, რომ ის სარჩელს ევროსასამართლოში შეიტანს არა როგორც ქვეყნის, არამედ კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ.

"ბატონო მამუკა, ერთმნიშვნელოვნად მინდა განგიცხადოთ, რომ მე ევროსასამართლოში სარჩელს შევიტან არა ჩემი ქვეყნის, არამედ იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს,“ - განმარტა კაკაბაძემ.

 

 

დღის ამბები